კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სამართალწარმოების განხორციელების პროცესში ბავშვის უფლებების დაცვა, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა და გადაწყვეტილებების მიღებისას ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროკურატურა პროაქტიულად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
დაზარალებულ/მოწმე არასრულწლოვნებზე მორგებული სამართალწარმოება
საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები უზრუნველყოფს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულ არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილებები დროულად მიიღება, ხოლო არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მართლმსაჯულების პროცესი გაჭიანურების გარეშე წარიმართება.
საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებთან მკაცრ მიდგომებს იყენებს, რაც ემსახურება არასრულწლოვანი დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენას და უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მიმართ დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, როგორც ზოგადი, ისე, კერძო პრევენციის გზით.
სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში მაქსიმალურად გათვალისწინებულია არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესები. მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობის გამარტივების, მისი ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული მხარდაჭერის მიზნით, მათ მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულთა საქმეებში პრიორიტეტულად ერთვება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ასევე, ფსიქოლოგი.
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი არასრულწლოვან დაზარალებულთა განმეორებითი გამოკითხვის/დაკითხვის შემთხვევები. არასრულწლოვანთა განმეორებითი გამოკითხვა/დაკითხვა მხოლოდ აუცილებლობისას ხდება. არასრულწლოვნის გამოკითხვამდე/დაკითხვამდე ფასდება მისი ემოციური მდგომარეობა, ამასთან, ბავშვთან კომუნიკაცია მისი ასაკობრივი და გონებრივი განვითარების თავისებურებების და განცდილი ემოციური სტრესის გათვალისწინებით ხდება.
მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის წარმომადგენლად ჩართვისას პრიორიტეტი მშობელს ან სხვა ახლო ნათესავს ენიჭება. ამასთან, ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს კანონიერი წარმომადგენლებიდან რომელი მათგანი დაესწრება მასთან ჩასატარებელ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს. სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე, სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერი თუ საპროცესო წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ არასრულწლოვნის ნების გათვალისწინებით მიიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მეორეული ან/და ხელახალი ვიქტიმიზაციის რისკები.
პროკურორი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვით ახორციელებს. მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების გათვალისწინებით, სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანი ბავშვზე მორგებული ფორმით იკითხება. არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, პროკურორი შუამდგომლობს არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის დაცვის ღონისძიებების გამოყენების (არასრულწლოვნის დისტანციური დაკითხვა, სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა, ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანა და ა.შ.) შესახებ.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების თავიდან აცილებასთან ერთად, საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის საკითხი. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში საქართველოს პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქცია, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის და მათთვის საჭირო სხვა სერვისების დროულად მიწოდებისა მიზნით, პროკურორი არასრულწლოვანს ამისამართებს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების უფლებების დაცვა
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურა განაგრძობს კოორდინირებულ საქმიანობას პარტნიორ უწყებებთან. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან. პროკურატურა ჩართული იყო „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის“ კონცეფციის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში.
ცენტრში, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებთან, ერთი ფანჯრის პრინციპით, არასრულწლოვანზე მორგებულ გარემოში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის მიმართ გამოიყენება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სარეაბილიტაციო პროგრამები.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმის გაძლიერებისა და ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლის 2 მარტს, გენერალური პროკურორის ბრძანებით, დამტკიცდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დანაშაულის გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ პროკურორებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისას.
საქართველოს პროკურატურა განაგრძობს მუშაობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების მხარდაჭერა
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურორის მიერ პრიორიტეტულად გამოიყენება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები - განრიდება/განრიდება-მედიაცია, რომლის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.
განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად არასრულწლოვანმა/18-დან 21 წლამდე ასაკის პირმა განრიდების ფარგლებში უნდა შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები, რათა გაიაზროს დანაშაულის არსი და მისი უარყოფითი შედეგები.
განრიდების/განრიდება-მედიაციის პროგრამა 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის არის ერთი შანსი, გარკვეული პირობ(ებ)ის შესრულების სანაცვლოდ, გააგრძელოს ცხოვრება ნასამართლობის/სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ.
ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორები არასრულწლოვანთა მიმართ პირველ რიგში სწორედ განრიდების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ. დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღება, როდესაც პროკურორი დარწმუნდება, რომ განრიდება/განრიდება-მედიაცია ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
ბავშვზე მორგებული სივრცეები
საქართველოს პროკურატურამ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების კონცეფციაზე მუშაობა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2017 წელს დაიწყო, ხოლო, მისი დანერგვა 2018 წელს მოხდა ჯერ რუსთავის, ხოლო 2019 წელს - ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურაში. 2021-2022 წლებში ბავშვზე მორგებული სივრცეები შეიქმნა საჩხერისა და სენაკის რაიონულ პროკურატურებში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ შემუშავდა ინსტრუქცია, რომელიც პროკურორებსა და გამომძიებლებს ხელს უწყობს ბავშვზე მორგებულ სივრცეში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესაბამისი სტანდარტით ჩატარებაში.
ბავშვზე მორგებული გარემოს/სივრცის შექმნის მიზანია მართლმსაჯულების პროცესი განხორციელდეს ბავშვის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს სამართალწარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობის გააადვილებას, კონფიდენციალურობის დაცვას და არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას.
ბავშვზე მორგებული სივრცე სრულად შეესაბამება არასრულწლოვნის ფიზიკური და გონებრივი განვითარების თავისებურებებს და, ასევე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ბავშვზე მორგებულ სივრცეში არასრულწლოვანი თავს არ გრძნობს მკაცრ, ფორმალურ გარემოში და აქვს დაცულობის განცდა.
ბავშვზე მორგებული სივრცე ქმნის გარანტიას, რომ პროფესიონალთან არასრულწლოვნის კომუნიკაცია განხორციელდება კონფიდენციალობის პრინციპის სრული დაცვით. სივრცის ტექნიკური აღჭურვილობა კი იძლევა შესაძლებლობას, განხორციელდეს არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეოჩაწერა, რაც საშუალებას გვაძლევს არასრულწლოვნის სასამართლოში დაკითხვა ნაკლებად მატრავმირებელი ფორმით წარიმართოს.
იგეგმება ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის ეტაპობრივი გაფართოება და ყოველწლიურად პროკურატურის მინიმუმ ერთ სტრუქტურულ ერთეულში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სპეციალიზაცია და განგრძობადი განათლება
პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაცია საქართველოს პროკურატურამ ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწყო. 2016 წლიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რასაც პროკურატურის სისტემა პროფესიონალთა გადამზადების მიმართულებით მზად შეხვდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებამდე პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულს ჰყავდა სპეციალიზებული პროკურორი და გამომძიებელი.
სპეციალიზაციასთან ერთად, საქართველოს პროკურატურა მუდმივად უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის, არასრულწლოვან მოწმეთა დაკითხვის სპეციფიკის, ბავშვთა მიმართ ძალადობასა და სხვა საკითხებში. განგრძობადი განათლების ფარგლებში სისტემატურად იმართება შეხვედრები პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების მენეჯერებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორებთან, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ სიახლეებზე მათი ინფორმირება და მსჯელობა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
არასრულწლოვან დაზარალებულთან მომუშავე ყველა პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი აღჭურვილა ბავშვთან კომუნიკაციისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით.
სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი, სახელმძღვანელო მითითებები და კვლევითი საქმიანობა
პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს პროკურატურაში მრავალი წელია დანერგილია ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის მექანიზმი. მონიტორინგის ფარგლებში ხდება სისხლის სამართლის საქმეთა დეტალური შესწავლა გამოძიების დაწყებიდან საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, სამართლებრივ ნორმათა ერთგვაროვანი განმარტებისა და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა პერიოდულად ახდენს სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას, მოქმედი ინსტრუქციების გადამუშავებას, განახლებასა და სისტემატიზაციას.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ყოველწლიურად ხდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების გაანალიზება, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. ასევე, განრიდებულ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური მახასიათებლების საფუძველზე, ყოველწლიურად ტარდება კრიმინოლოგიური კვლევა, ხოლო, 3 წელში ერთხელ, საქართველოს პროკურატურა ახორციელებს განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის კვლევას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებული კვლევები საჯაროა და პროაქტიულად ქვეყნდება საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე: https://pog.gov.ge/public-info/Inner/3
არასრულწლოვანთა საკოორდინაციო მექანიზმი
2016 წელს, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა არასრულწლოვანთა ადგილობრივი საბჭოები, რომელიც აერთიანებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, სოციალურ მუშაკებს, მედიატორებს, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენლებს.
არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს საქმიანობის მიზანია:
არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოები ფუნქციონირებს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში (აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი).