კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვა და მისი ინტერესების გათვალისწინება. ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური
2018 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურმა შეიძინა დამატებითი ფუნქციები და ინსტიტუციურად კიდევ უფრო გაძლიერდა. ცვლილების შედეგად, კოორდინატორი გახდა სამართალწარმოების პროცესის მონაწილე და აღიჭურვა არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქციით. 
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მოწმისა და დაზარალებულის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, მოწმისა და დაზარალებულისთვის თავშესაფარის, ფსიქოლოგის, იურიდიული ან სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის ორგანიზაციებში გადამისამართება/მათთან დაკავშირებაში დახმარება. 

კოორდინატორი პრიორიტეტულად ერთვება ქვემოთ მითითებულ დანაშაულთა საქმეებზე:

  • ოჯახში ძალადობა და ოჯახური დანაშაული;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
  • ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
  • დაზარალებული/მოწმე არის არასრულწლოვანი; 
  • დაზარალებული/მოწმე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • დაზარალებულს/მოწმეს დანაშაულის შედეგად მიადგა მძიმე ფიზიკური ან მორალური ზიანი;
  • დანაშაულისგან გამოწვეული სტრესის გამო გართულებულია დაზარალებულთან/მოწმესთან  კომუნიკაცია.

კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში ერთვება პროკურორის გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც იგი დაუყოვნებლივ უკავშირდება მოწმეს/დაზარალებულს, აცნობს კოორდინატორის ფუნქცია-მოვალეობებს და არკვევს მოწმის/დაზარალებულის პოზიციას საქმეში მისი ჩართვის შესახებ. კოორდინატორი საქმეში ერთვება მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში. კოორდინატორისა და მოწმის/დაზარალებულის როგორც პირველი, ისე შემდგომი კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ კომუნიკაციის გზით.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლება-მოვალეობები:

საქმეში ჩართვის შემდეგ, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: 

  • დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირების მიზნით აფასებს მოწმის/დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობას, აიდენტიფიცირებს საჭიროებებს და უზრუნველყოფს მის ემოციურ მხარდაჭერას;
  • დეტალურად განუმარტავს უფლებებსა და მოვალეობებს;
  • უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს;
  • აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში;
  • დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით, ესწრება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს და საქმის სასამართლო განხილვას (მათ შორის, დახურულ სასამართლო პროცესს); 
  • ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ახლო ნათესავს, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით სარგებლობამდე, უწევს კონსულტაციას, რათა სასამართლოში ჩვენების მიცემამდე დაზარალებულმა სრულყოფილად გაიაზროს მისი უფლება-მოვალეობები, როლი სამართალწარმოების პროცესში, საქმის განხილვის ეტაპზე ჩვენების მიცემის მნიშვნელობა, მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი, ძალადობის განმეორების მოსალოდნელი საფრთხე და შედეგები. კოორდინატორთან კონსულტაციის მიზანია ასევე პროკურორი/კოორდინატორი დარწმუნდეს, რომ დაზარალებულის მიმართ არ ხორციელდება უკანონო ზემოქმედება, დადგინდეს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის განმაპირობებელი მიზეზი - შესაძლო მუქარა, იძულება, თხოვნა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საცხოვრებლის საჭიროება და სხვა, რათა შეფასდეს დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიური, მორალური და სხვა სახის მხარდაჭერის საჭიროება და მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები;
  • საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მოწმეს/დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ. 


კოორდინატორი გამოძიების ეტაპზე დაზარალებულს მისი სურვილის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • გამოძიების დაწყება/განახლება;
  • დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანა/გაუქმება;
  • ზიანის ანაზღაურება;
  • ბრალდებულის დაკავება;
  • სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება/შეწყვეტა;
  • მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენა;
  • აღკვეთის ღონისძიების შეფარდება/შეცვლა/გაუქმება;
  • დისკრეციის/განრიდების/განრიდება-მედიაციის გამოყენება;
  • საქმის ტერიტორიული ან უწყებრივი ქვემდებარეობით გადაგზავნა;
  • გამოძიების შეწყვეტა.

 
კოორდინატორი, საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ, დაზარალებულს მისი სურვილის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • წინასასამართლო სხდომის თარიღი;
  • წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან საქმის არსებითად განსახილველად გადაცემა;
  • საქმის სასამართლო განხილვის სხდომის თარიღები;
  • საპროცესო შეთანხმების გაფორმება;
  • საქმის განხილვის შედეგი.

კოორდინატორი სასამართლო განხილვის ეტაპზე მოწმეს/დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • მოწმის/დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემის მნიშვნელობა;
  • მოწმის/დაზარალებულის მიერ სასამართლოს სხდომის დარბაზში ჩვენების მიცემის ადგილი;
  • სასამართლო სხდომის დარბაზში მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულის, ადვოკატის, სხდომაზე დამსწრე სხვა პირების განლაგება;
  • მოსამართლის როლი და ფუნქციები პროცესის მიმდინარეობისას;
  • ოჯახური დანაშაულის დაზარალებულს, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით სარგებლობამდე, უწევს კონსულტაციას, რათა დაზარალებულმა სრულყოფილად გააცნობიეროს დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკები და მიიღოს ინფორმირებული/გაცნობიერებული გადაწყვეტილება.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის დამატებითი ფუნქციები

კოორდინატორის საქმიანობა, აგრეთვე, მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირება;
  • მოქალაქის ან კოორდინატორის ინიციატივით მიღება და გასაუბრება;
  • მოქალაქის ან პროკურორის ინიციატივით პროკურორთან შეხვედრის ორგანიზება.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიერ განხორციელებული აქტივობები

დაზარალებულის უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, აგრეთვე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ცნობადობის გაზრდის მიზნით, კოორდინატორები აქტიურად მონაწილეობენ პროკურატურის საზოგადოებრივ ღონისძიებებში. ამ მიზნით, კოორდინატორის სამსახურის ეგიდით პერიოდულად ტარდება დაზარალებულთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული. ასევე, კოორდინატორები ერთვებიან ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებულ აქტივობებში.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საკონტაქტო ინფორმაცია

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საკონტაქტო ინფორმაცია

გენერალური პროკურატურა:
(032) 2 405 105; 2 405 398; 2 405 052; 2 405 745
ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №24

თბილისის პროკურატურა
(032) 2 405 487; 2 405 428
ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ისანი-სამგორის პროკურატურა
(032) 2 405 327
ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

ძველი თბილისის პროკურატურა
(032) 2 405 115
ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

ვაკე-საბურთალოს პროკურატურა
(032)2 405 402
ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურა
(032) 2 405 370
ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

გლდანი-ნაძალადევის პროკურატურა
(032) 2 405 306
ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №30

ქვემო ქართლის/რუსთავის პროკურატურა
(032) 2 405 472
ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა №17

შიდა ქართლის/გორის პროკურატურა
(032) 2 405 491
ქ. გორი, გურამიშვილის ქუჩა №5

სამცხე-ჯავახეთის/ახალციხი პროკურატურა
(032) 2 405 946
ქ. ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა №1

კახეთის/თელავის პროკურატურა
(032) 2 405 641
ქ. თელავი, ერეკლე მეორეს მოედანი №3

დასავლეთ საქართველოს/ქუთაისის პროკურატურა
(032) 2 405 518; 2 405 844
ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №20

სამეგრელო-ზემო სვანეთი/ზუგდიდის პროკურატურა
(032) 2 405 684
ქ. ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა №5

აჭარის ავტ. რესპუბლიკის/ბათუმის პროკურატურა
(032) 2 405 603
ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №7