კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
ოჯახში ძალადობა
2012 წლის 12 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრა პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულის და ოჯახში ძალადობისთვის.
ოჯახური ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა და იძულება.
დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური ან/და ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად, ხოლო დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი. ოჯახური დანაშაულის საქმეზე დაზარალებულად მიიჩნევა აგრეთვე ოჯახური დანაშაულის შემსწრე ბავშვი, რომელსაც ძალადობის შედეგად განცდილი ფსიქოლოგიური ტრავმის გამო ადგება მორალური ზიანი.
სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს პირთა წრეს, რომლებიც წარმოადგენენ ოჯახის წევრებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობის და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განხორციელების მიზნით მუდმივად ხდება პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, პროკურატურის სისტემაში სპეციალიზაციის მიმართულება 2016 წლიდან დაინერგა და 2018 წელს ამ მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 მაისს, განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი სისხლის სამართლის კოდექსის 1261 (ოჯახში ძალადობა) და 111 (ოჯახური დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. აღნიშნული ბრძანების თანახმად, პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განსახორციელებლად, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ასევე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე უფლებამოსილებას ახორციელებენ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. აღნიშნული კურსი მოიცავს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადებას სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ნაწილში. კერძოდ, სასწავლო პროგრამა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ერთად, ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მოიცავს.
გასულ წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებულმა ეფექტიანმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ განაპირობა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართ ნდობის ამაღლება, რაზეც მიუთითებს სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიმართულებით. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015 წელს - 1066, 2016 წელს - 1356, 2017 წელს - 1986, ხოლო 2018 წელს - 3955 პირის მიმართ. 2018 წელს გასულ წელთან შედარებით ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი 99%-ით გაიზარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო მუდმივად ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ყოველწლიურად აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გამოძიების ჩატარებას გაჭიანურების გარეშე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებას, აგრეთვე, სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიან მხარდაჭერას.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ოჯახური დანაშაულის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით. 2018 წელს გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებით მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის მონაწილე და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით. კოორდინატორის ჩართვა პრიორიტეტულად ხდება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის საქმეებში, სადაც დაზარალებული ობიექტურად საჭიროებს დახმარებას. კოორდინატორის ჩართვის მიზანია ამ კატეგორიის საქმეებში მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერა და გაძლიერება, სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება.
როგორც წესი, ოჯახში ძალადობას განმეორებითი ხასიათი აქვს.
შემაკავებელი და დამცავი ორდერები.
გარდა სისხლისსამართლებრივი მექანიზმებისა, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, გამოიყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები - შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
დამცავი ორდერს გამოსცემს პირველი ინსტანციის სასამართლო (მოსამართლე) ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით და მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
ხოლო შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არსებობს სახელმწიფო ფონდი, რომელიც ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას ემსახურება; ფონდს აქვს ცხელი ხაზი: 116 006, ზარი უფასო და ანონიმურია. თავშესაფარში მსხვერპლი იღებს შემდეგი სახის სერვისებს: ღირსეული არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი, საკვები და ტანსაცმელი, სამედიცინო დახმარება (ბაზისური მედიკამენტებით მკურნალობის ჩათვლით,) იურიდიული დახმარება და სასამართლო წარმომადგენლობა, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობით.
ფსიქოლოგიური კონსულტაცია და რეაბილიტაცია, მოიცავს ოჯახში ძალადობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში გათვითცნობიერებას, ემოციურ მხარდაჭერასა და ფსიქოგანათლებას, დახმარებას მომავლის პერსპექტივის განსაზღვრაში, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენაში; სამედიცინო დახმარება მოიცავს - თავშესაფრის მკვიდრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო დახმარების საჭიროების დადგენას, პირველად სამედიცინო შემოწმებას, სასწრაფო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თავშესაფრის მკვიდრთა ბაზისური მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
სამართლებრივი დახმარება მოიცავს: * ინდივიდუალური სამართლებრივ კონსულტაციას * საჭიროების შემთხვევაში სასამართლო წარმომადგენლობას/ადვოკატირებას. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით : დამცავი ორდერის მიღება, ალიმენტი, განქორწინება;
სოციალური მომსახურება მოიცავს სოციალური დახმარების სფეროში არსებული რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და ამ ინფორმაციით უზრუნველყოფას; მაგ.: განათლების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა სპეციალისტთან დაკავშირება და მომსახურების კოორდინაცია, დასაქმების ხელშეწყობა;