თანამშრომელთა სწავლებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე აქტიური ზრუნვა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. გადამზადების პროგრამები მიბმულია ორგანიზაციაში კარიერულ განვითარებაზე და ის ინტენსიურად ტარდება როგორც ახალი, ასევე გამოცდილი თანამშრომლებისათვის.
გაზრდილი პროფესიული შესაძლებლობები თითოეულ თანამშრომელს ეხმარება საქმიანობის პროცესსა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. სასწავლო პროექტების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი ეთიკური პრინციპების, კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების მქონე კადრების განვითარებას, სისხლის სამართლის პოლიტიკაში ერთიანი მიდგომების დანერგვას, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. სასწავლო პროექტები ორიენტირებულია როგორც პროფესიული ცოდნის, ასევე შესაბამისი პრაქტიკული უნარებისა და სწორი დამოკიდებულებების განვითარებაზე.
საქართველოს პროკურატურაში კადრების მომზადება/გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი ახორციელებს. ამასთან, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები.