კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

ტრეფიკინგის წინააღმდეგ

სახელმწიფო ფონდი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად 2006 წლის ივნისში შეიქმნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.
სახელმწიფო ფონდის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.
სახელმწიფო ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2006-2007 წლებში დაარსდა სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულები - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებები (თავშესაფარები). თავშესაფრების მიზანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა და დახმარება. საქართველოს მასშტაბით ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს - თბილისსა და ბათუმში.
თავშესაფრებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ყოფნის ხანგრძლივობა არის 3 თვე, თუმცა ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის/დაზარალებულის სურვილითა და ფონდის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
სახელმწიფო ფონდის ბაზაზე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 116 006
www.atipfund.gov.ge

 

ეროვნული რეფერალური მექანიზმი

სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში დაიხვეწა ეროვნული რეფერალური მექანიზმი, შემუშავდა და 2007 წლის 19 ივლისს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია.

სტრატეგიის მიღება განპირობებული იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-4.2 მუხლით, რომლის თანახმად, "სახელმწიფო ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა ადამიანის უფლებების დაცვას, მათ დახმარებასა და რეაბილიტაციას, ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს".

სტრატეგია აყალიბებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპულ მიმართულებებს და ქმნის შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფის მოქნილ მექანიზმს. სტრატეგიის თანახმად, რეინტეგრაციის განხორციელების პროცესში მონაწილეობს სახელმწიფო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მეშვეობით, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

კანონმდებლობა

 სისხლის სამართლის კოდექსი 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კრიმინალიზაცია საქართველოში 2003 წელს განხორციელდა. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი 1431 მუხლით დასჯადად გამოცხადდა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლმა კანონგარეშე გამოაცხადა არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). კოდექსის 1433 მუხლი კი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წელს შევიდა, დასჯადად აცხადებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობას.

საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 

სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი მკაცრი სანქციებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მექანიზმების შემოღების პარალელურად 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სახელმწიფო ორგანოთა, თანამდებობის პირთა და იურიდიულ პირთა უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და მათი საქმიანობის კოორდინაციის წესს, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

საბჭოს დებულება

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 080.080.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №534

2006 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად:

1. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში - საკოორდინაციო საბჭო) შემადგენლობა:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

დ) საქართველოს მთავარი პროკურორი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ი) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №720 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2217

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №467 - სსმ III, №114, 14.08.2007წ., მუხ.1265

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.

2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს;

ბ) საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს;

გ) საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს;

დ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

ე) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს;

ზ) აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს;

თ) საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ თავმჯდომარეს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორს;

მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ აღმასრულებელ დირექტორს;

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №614 - სსმ III, №143, 19.10.2006წ., მუხ.1978

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 მარტის ბრძანებულება №190 - სსმ III, №38, 21.03.2007წ., მუხ.438

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №161, 16.11.2007წ., მუხ.1777

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №683 - სსმ III, №177 14.12.2007წ., მუხ.1952

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.

3. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის №267 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №614 - სსმ III, №143, 19.10.2006წ., მუხ.1978

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №720 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2217

3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 მარტის ბრძანებულება №190 - სსმ III, №38, 21.03.2007წ., მუხ.438

4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №467 - სსმ III, №114, 14.08.2007წ., მუხ.1265

5. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №161, 16.11.2007წ., მუხ.1777

6. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №683 - სსმ III, №177 14.12.2007წ., მუხ.1952

7. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დებულება

თავი I

 ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

თავი II

საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა

მუხლი 2.

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.

თავი III

საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

მუხლი 3.

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;

გ) ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.

თავი IV

საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 4.

1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.

4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მდივანი, რომელსაც ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.

მუხლი 5.

1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელების  უზრუნველსაყოფად ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფი, მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, იკრიბება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, როგორც წესი, არანაკლებ თვეში ერთხელ.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.
მუხლი 6.

საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ეროვნული საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პარალელურად, საქართველომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული  მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაცია მოახდინა.
კერძოდ, 2006 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ" ოქმის, ხოლო 2006 წლის მიწურულს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება. საქართველო ევროპული კონვენციის მონაწილე რიგით მეხუთე სახელმწიფო გახდა. 

 

სამოქმედო გეგმა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სამოქმედოს, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
2006 წლიდან მოყოლოებული  შემუშვებულ იქნა 2006-2007, 2007-2009, 2009-2011, 2011-2012 წლების ერონული სამოქმედო გეგმები.  2013 წლის 13 თებერვალს საბჭოს სხდომზე დამტკიცებულ იქნა 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
2013-2014 წლების ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა შემუშვებულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. სამოქმედო გეგმა ეყრდნობა იმ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა, ადამიანით ვაჭრობის, პრევენცია, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა/დახმარება, ტრეფიკინგის დანაშაულზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის N534 ბრძანებულებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი კომისია ამავე მიზნისთვის შექმნილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ შეცვალა.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად შეიქმნა.
საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა. საბჭომ ასევე დაამტკიცა საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისთვის აუცილებელი სტანდარტები, მოთხოვნები და მისი დებულების ნიმუში, აგრეთვე, სამოქმედო ინსტრუქცია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაცავად (ეროვნული რეფერალური მექანიზმი) და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის წესი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს სახალხო დამცველი და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ: საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, აშშ-ს საელჩოს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და არასამთავრობო ორგანიზაციები - ,,თანადგომის", „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა" და „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" წარმომადგენლებს.