კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

დაზარალებულის გზამკვლევი

უკან დაბრუნება

გზამკვლევის შესახებ

faq plus sign

თუ ხართ დანაშაულის შედეგად დაზარალებული წინამდებარე გზამკვლევი შეგიქმნით  წარმოდგენას, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეთ სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობისას და რა უფლებებით სარგებლობთ სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე.

როდის იწყება გამოძიება

faq plus sign

თუ თქვენ მიერ სამართალდამცავ ორგანოში წარმოდგენილი განცხადება/შეტყობინება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამომძიებელი იწყებს გამოძიებას.

განცხადების/შეტყობინების განხილვის შედეგებზე თქვენ გეცნობებათ წერილობით, როგორც გამოძიების დაწყების, ასევე, გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

თუ თქვენი განცხადების/შეტყობინების ირგვლივ საჭირო გახდა გარემოებების დაზუსტება, შესაძლებელია დაგიკავშირდეთ გამომძიებელი და გთხოვოთ გასაუბრების მიზნით სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადება.

თუ გამომძიებელმა უარი გითხრათ გამოძიების დაწყებაზე, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ პროკურორს.

ვის შეიძლება მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი

faq plus sign

დაზარალებული შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და სახელმწიფო. თუ თქვენ დანაშაულის შედეგად მოგადგათ მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი, უფლება გაქვთ მიმართოთ პროკურორს და მოითხოვოთ დაზარალებულად ცნობა.

თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულის მომზადებას ან მცდელობას, მაშინ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან სახელმწიფოს, რომელსაც დანაშაულის შედეგად შეიძლება მისდგომოდა ზიანი.

პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორს საკუთარი ინიციატივით გამოაქვს დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ. 

ვის შეიძლება მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი

faq plus sign

პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის საკმარისი საფუძვლის არსებობისას თქვენ ასევე გაქვთ უფლება პროკურორს მიმართოთ დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი პირს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული გარდაიცვალა. 

რა ხდება მაშინ, თუ პროკურორი უარს გეტყვით დაზარალებულად ცნობაზე

faq plus sign

თუ პროკურორმა დაზარალებულად ცნობის შესახებ თქვენი განცხადება არ დააკმაყოფილა შეტანიდან 48 საათში და არ მოგანიჭათ დაზარალებულის სტატუსი, უფლება გაქვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოთ ზემდგომ პროკურორს. თუ ზემდგომმა პროკურორმა ასევე არ დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნა (საჩივარი), უფლება გაქვთ პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

მოსამართლე იმსჯელებს თქვენს საჩივარზე და საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში გამოიტანს განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს თქვენს საჩივარს, მაშინ პროკურორი მოგანიჭებთ დაზარალებულის სტატუსს შესაბამისი დადგენილების გამოტანის გზით.

რა ხდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ და როგორია დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების წესი

faq plus sign

დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების წესი

პროკურორის მიერ დაზარალებულის სტატუსის მონიჭების შემდეგ, პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი დაგიბარებთ და გაგაცნობთ დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, ასევე, განგიმარტავთ თქვენს პროცესუალურ უფლებებს.

დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაცნობა უნდა დადასტურდეს თქვენ მიერ დადგენილებაზე ხელმოწერით, რომლის ასლიც გადმოგეცემათ.

დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაცნობასთან ერთად პროკურორი/ გამომძიებელი განგიმარტავთ თქვენს უფლებებს და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც შეადგენს ოქმს. უფლებების განმარტების ოქმს ხელს აწერთ თქვენ და მისი შემდგენი პირი.

რომელი საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გაქვთ ინფორმაციის

faq plus sign

მიღების უფლება

 

თქვენ, როგორც დაზარალებულს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაციის მოწოდება ცალკეული საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილის და დროის შესახებ. კერძოდ, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, პროკურორი წინასწარ შეგატყობინებთ შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილს და დროს:

 

Ø  ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან (განიხილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხი და განისაზღვრება წინასასამართლო სხდომის თარიღი).

Ø  წინასასამართლო სხდომა (განიხილება ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი).

Ø  სასამართლოს მთავარი სხდომა (სასამართლოს მიერ მხარეთა მონაწილეობით განიხილება და ფასდება წარდგენილი მტკიცებულებების, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება).

Ø  სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა (განიხილება ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი).

Ø  სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა.

Ø  სააპელაციო სასამართლო სხდომა (თუ საქალაქო/რაიონული სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო ინსტანციაში).

Ø  საკასაციო სასამართლო სხდომა (თუ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა საკასაციო ინსტანციაში).

თუ თქვენ საწყის ეტაპზე უარს იტყვით საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილისა და დროის შეტყობინების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში თქვენ შეზღუდული იქნებით გაცხადებული პოზიციით. საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე თქვენ კვლავ შეგიძლიათ პროკურორისგან მოითხოვოთ ინფორმაციის მიღება.

როგორც წესი, დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაცნობა და თქვენთვის უფლებების განმარტება უნდა მოხდეს პირისპირ კომუნიკაციის გზით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია დაზარალებულად ცნობის დადგენილების თქვენთვის პირადად გაცნობა და უფლება-მოვალეობათა განმარტება (მაგალითად, თქვენი საზღვარგარეთ ყოფნა). ამ შემთხვევაში, დაზარალებულად ცნობის დადგენილება და უფლება-მოვალეობათა ნუსხა გამოგეგზავნებათ ფოსტით და, ამავდროულად, შესაძლებლობის შემთხვევაში, მისი გაცნობა მოხდება კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით (მაგ.: ტელეფონი, სოციალური ქსელი).

რა ხდება მაშინ, როცა დაზარალებული იურიდიული პირია

faq plus sign

თუ დაზარალებული იურიდიული პირია, სისხლის სამართლის პროცესში ის მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

ვინ სარგებლობს დაზარალებულის უფლებებით, როცა დანაშაულის შედეგად

faq plus sign

დაზარალებული გარდაიცვალა

თუ დანაშაულის შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა, მაშინ დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. აღნიშნულ შემთხვევაში ამ პირს ენიჭება დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. თუ დავა წარმოიშვება ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის, მაშინ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე განისაზღვრება წილისყრით. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს ახლო ნათესავი. კერძოდ, ახლო ნათესავია: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროკურორმა გააუქმა თქვენი დაზარალებულად ცნობის დადგენილება

faq plus sign

ცნობის დადგენილება

თუ თქვენთვის დაზარალებულის სტატუსის მონიჭების შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნულის საფუძველი აღარ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც გეცნობებათ წერილობით.

დაზარალებულის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში უფლება გაქვთ პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროთ ზემდგომ პროკურორთან. თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, პროკურორის გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

ზემოაღნიშნულ საკითხზე შეტანილ თქვენს საჩივარზე მოსამართლე, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელებს და 15 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. თქვენი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღგიდგებათ დაზარალებულის სტატუსი.

რა უფლებები აქვს დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე

faq plus sign

თქვენ, როგორც დაზარალებულს, გამოძიების მიმდინარეობისას უფლება გაქვთ:

Ø მიიღოთ განმარტება თქვენი, როგორც დაზარალებულის უფლება-მოვალეობების შესახებ.

Ø იცოდეთ, რა საქმის გამო ხართ გამოძახებული.

Ø საკუთარი ხარჯით ისარგებლოთ ადვოკატის მომსახურებით.

Ø თუ არ იცით ან სათანადოდ არ იცით სისხლის სამართლის პროცესის ენა (ქართული) ან გაქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე თქვენთან კომუნიკაციას გამორიცხავს,  მისცეთ ჩვენება მშობლიურ ან თქვენთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე.

Ø გაეცნოთ თქვენი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოთ მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა.

Ø არ მისცეთ ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში გამხელთ თქვენ ან თქვენს ახლო ნათესავს (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)).

Ø მონაწილეობა მიიღოთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

Ø მოითხოვოთ დაცვის სპეციალური ღონისძიების (მაგ.: უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება); საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა და ა.შ.)) გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც თქვენს, ისე თქვენი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას.

Ø იცოდეთ ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი.

Ø მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენის, წინასასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ; აღნიშნული ინფორმაცია თქვენ მოგეწოდებათ წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

Ø უარი განაცხადოთ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.

Ø უფასოდ მიიღოთ გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; პროკურორის დადგენილების ასლი გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ თქვენ გამოგეგზავნებათ დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში.

Ø მოითხოვოთ გამოძიების საჭიროებისთვის დროებით ჩამორთმეული, თქვენი კუთვნილი ქონების დაბრუნება.

Ø მიიღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

Ø წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

Ø მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოთ ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმისას პროკურორი დადგენილების გამოტანამდე ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს თქვენთან. ასევე, დადგენილების გამოტანის შემთხვევაში გამოგეგზავნებათ ასლი დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში; აგრეთვე, როცა პროკურორის მიერ ხდება პირის განრიდება, განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი ვალდებულია თქვენთან გაიაროს კონსულტაცია.

რა შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით

faq plus sign

თუ თქვენ ხართ გადახდისუუნარო პირი, რომელსაც ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მოგადგათ ზიანი, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს თქვენ მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).

თუ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევით და ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის საქმეზე მონიჭებული გაქვთ დაზარალებულის სტატუსი, თქვენ ისარგებლებთ უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს თქვენ მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და ამასთან, სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

Ø  იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში თქვენი, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში თქვენს სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა შესაბამისი ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისთვის მხედველობაში მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა.

 

Ø  თქვენ გაქვთ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე.

რა გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება გაქვთ გამოძიების ეტაპზე

faq plus sign

თქვენ, როგორც დაზარალებულს, გამოძიების მიმდინარეობისას უფლება გაქვთ გაასაჩივროთ:

Ø პროკურორის უარი დაზარალებულის სტატუსის მონიჭების შესახებ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოთ ზემდგომ პროკურორს. თუ ზემდგომმა პროკურორმაც არ დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნა (საჩივარი), უფლება გაქვთ პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. თქვენს საჩივარზე მოსამართლე იმსჯელებს 15 დღის ვადაში და ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანს განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს თქვენს საჩივარს, მაშინ, პროკურორი მოგანიჭებთ დაზარალებულის სტატუსს შესაბამისი დადგენილების გამოტანის გზით.

 

Ø პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ. აღნიშნული დადგენილება შეგიძლიათ ერთჯერადად გაასაჩივროთ ზემდგომ პროკურორთან. თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, პროკურორის გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. ზემოაღნიშნულ საკითხზე შეტანილ თქვენს საჩივარზე მოსამართლე იმსჯელებს 15 დღის ვადაში და ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანს განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. თქვენი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღგიდგებათ დაზარალებულის სტატუსი.

 

Ø პროკურორის დადგენილება გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილება შეგიძლიათ ერთჯერადად გაასაჩივროთ ზემდგომ პროკუროროთან. თუ ზემდგომი პროკურორი თქვენს საჩივარს არ დააკმაყოფილებს, უფლება გაქვთ პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე და 15 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

Ø პროკურორის დადგენილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის/ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. კანონი პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მიყენებული ზიანის, დანაშაულის ჩადენის გარემოებების და ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მახასიათებლების გათვალისწინებით, იმსჯელოს, არსებობს თუ არა ამ პირის დასჯის საჯარო ინტერესი და მიიღოს გადაწყვეტილება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. პროკურორის დადგენილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეგიძლიათ ერთჯერადად გაასაჩივროთ ზემდგომ პროკურორთან. თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თქვენ უფლება გაქვთ, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს ამ შემთხვევაშიც განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე, რაც საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

Ø პროკურორის დადგენილება საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ. თუ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ. პროკურორის დადგენილება შეგიძლიათ ერთჯერადად გაასაჩივროთ ზემდგომ პროკურორთან. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თქვენ უფლება გაქვთ, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს ამ შემთხვევაშიც განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე, რაც საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

Ø პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია საქმის მასალების გაცნობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე გაცნობოთ ამის შესახებ, მოგაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაგაცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალები. 

დამატებით რა უფლებები გაქვს გამოძიების ეტაპზე, თუ ხარ 18 წლამდე (არასრულწლოვანი) დაზარალებული

faq plus sign

სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე შენ სარგებლობ კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით.

თუ შენი კანონიერი წარმომადგენელი არ/ვერ მონაწილეობს პროცესში, შენი ინტერესების დასაცავად პროცესში ჩაერთვება საპროცესო წარმომადგენელი, რომელიც შესაძლოა იყოს შენთვის სანდო პირი ან მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი.

კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება იყოს არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, ხოლო, საპროცესო წარმომადგენელი არის მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი.

სანდო პირი საპროცესო წარმომადგენლად დაინიშნება შენი მოსაზრების გათვალისწინებით.

შენი გამოძახება სამართალდამცავ ორგანოში ყოველთვის შენი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელდება.

შენთან ჩატარებულ ნებისმიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას დაესწრება შენი კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენელი. გამოძიების სტადიაზე პროკურორი უფლებამოსილია შენს კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას შენივე საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.

სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე შენ ასევე უზრუნველყოფილი იქნები უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს შენ მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).

ასევე, შენ გაქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, უფასოდ ისარგებლო თარჯიმნის მომსახურებით.

შენი ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, გამომძიებელი ან პროკურორი უზრუნველყოფს შენ მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას, რომელიც შეაფასებს შენს საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს განახორციელებს შენს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შენ, როგორც არასრულწლოვანი დაზარალებული ისარგებლებ უფლებით მიიღოთ ინფორმაცია შენი განვითარების შესაბამისი ფორმით. 

რა უფლებები გაქვს როგორც დაზარალებულს საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე

faq plus sign

თქვენ, როგორც დაზარალებულს, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე უფლება გაქვთ:

Ø  მიიღოთ განმარტება თქვენი უფლება-მოვალეობების შესახებ.

Ø  მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის სხდომა, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა (საპროცესო შეთანხმების დამტკიცება), სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა, სააპელაციო სასამართლო სხდომა, საკასაციო სასამართლო სხდომა. როგორც წესი, აღნიშნული ინფორმაცია მოგეწოდებათ წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით ინფორმაციის გადმოცემა გონივრულია და საკმარის დროს გაძლევთ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

Ø სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას (საპროცესო შეთანხმება) და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეთ ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც თქვენ დანაშაულის შედეგად მოგადგათ. ასევე, უფლება გაქვთ აღნიშნული ინფორმაცია წერილობით წარუდგინოთ სასამართლოს.

Ø  მიიღოთ პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

Ø  მოითხოვოთ გამოძიების საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, თქვენი კუთვნილი ქონების დაბრუნება.

Ø  მოითხოვოთ დაცვის სპეციალური ღონისძიების (მაგ.: უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება); საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა და ა.შ.)) გამოყენება, თუ საფრთხე გემუქრებათ როგორც თქვენ, ისე თქვენი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას.

Ø  მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოთ ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება.

Ø  მიმართოთ პროკურორს სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით:

 

ü  პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით.

ü  თქვენი ან/და თქვენი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას.

ü  თქვენი როგორც სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით.

ü  თქვენი პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე არ აცხადებთ თანხმობას.

 

პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე თქვენთან გაიაროს კონსულტაცია და შეგატყობინოთ საპროცესო შეთანხმების დადება. ამასთან, უფლება გაქვთ, სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას, სასამართლოს წერილობით ან ზეპირად მიაწოდოთ ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მოგადგათ დანაშაულის შედეგად.

თქვენ უფლება არ გაქვთ, გაასაჩივროთ საპროცესო შეთანხმება. მიუხედავად აღნიშნულისა, პროკურორი მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ თქვენთვის ზიანის ანაზღაურების საკითხს და, თქვენთან კონსულტაციის გავლის შემდგომ, როგორც წესი, ითვალისწინებს თქვენს პოზიციას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან, მათ შორის, გამოსაყენებელ სასჯელთან დაკავშირებით.

საპროცესო შეთანხმება არ გართმევთ უფლებას, შეიტანოთ სამოქალაქო სარჩელი დანაშაულის შედეგად მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დამატებით რა უფლებები გაქვს საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუ ხარ 18 წლამდე (არასრულწლოვანი) დაზარალებული

faq plus sign

საქმის სასამართლოში განხილვისას, შენი ინტერესების დასაცავად, მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, შენი, შენი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება და შენ მიმართ გამოიყენოს დაცვის შემდეგი ღონისძიებები:

ü  შენი დაკითხვა განხორციელდეს გამოსახულების ან/და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით, გაუმჭვირვალი ეკრანის მიღმა ან დისტანციურად.

ü  შენი დაკითხვა განხორციელდეს სასამართლო სხდომამდე, ბრალდებულის დასწრების გარეშე, ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით და მოხდეს დაკითხვის ვიდეოგადაღება.

ü  მოხდეს სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა.

ü  ბრალდებული დროებით გაყვანილი იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუ შენ უარს იტყვი ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ  ბრალდებულის თანდასწრებით შენ შეიძლება არ თქვა სიმართლე ან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად განიცადო სტრესი.

საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია შენს კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას შენი საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლო შენ და შენს კანონიერ წარმომადგენელს მოგაწვდით ინფორმაციას საქმის სასამართლოში განხილვის შედეგებზე და განგიმარტავთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

რა არის განრიდება-მედიაცია

faq plus sign

თქვენ, როგორც დაზარალებული, შეიძლება ჩაერთოთ განრიდება-მედიაციის პროცესში, თუ პროკურორმა მიიღო დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის ან 18-დან - 21 წლამდე პირის განრიდების გადაწყვეტილება.

განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც ეფუძნება დანაშაულის ჩამდენი პირის მხრიდან პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, ხოლო, მედიაცია არის დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის დიალოგის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის ჩამდენი პირის დაზარალებულთან შერიგებას და კონფლიქტის გადაწყვეტას.

მედიაციაში თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ თქვენ უარს იტყვით მედიაციაში ჩართვაზე, თქვენი უარი არ დააბრკოლებს განრიდების პროცესს.

რატომ უნდა ჩაერთოთ განრიდება-მედიაციის პროცესში

faq plus sign

მედიაციის პროცესში მაქსიმალურად ხდება თქვენი, როგორც დაზარალებულის, ინტერესების გათვალისწინება. მედიაციის პროცესი ორიენტირებულია დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე, დანაშაულით გამოწვეული ემოციური თუ მატერიალური ზიანის გამოსწორებაზე.

განრიდებისა და მედიაციის პროცესში თქვენ ურთიერთობა მოგიწევთ პროკურორთან და მედიატორთან. მედიატორი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომლის მიზანია დანაშაულის ჩამდენ პირსა და თქვენს შორის მოლაპარაკების პროცესის წარმოება, მასთან შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების შესახებ შეთანხმება.

მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მედიატორი გამართავს შეხვედრას - ე.წ. მედიაციის კონფერენციას, რა დროსაც, თქვენ, მედიატორთან ერთად, პირისპირ შეხვდებით დანაშაულის ჩამდენ პირს.

განრიდებისა და მედიაციის პროცესში თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლებლობას გაძლევთ:

ü  დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს/18-დან 21 წლამდე პირს მიაწოდოთ ინფორმაცია დანაშაულის შედეგად მოყენებული ზიანის შესახებ და გაუზიაროთ დანაშაულის ჩადენის შედეგად განცდილი თქვენი ემოციები.

ü  მოისმინოთ არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მიზეზი და განმაპირობებელი ფაქტორები.

ü  მოისმინოთ არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე პირის გულწრფელი აღიარება/მონანიება.

ü  აგინაზღაურდეთ მოყენებული ზიანი, თუ მოხდება მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას აღნიშნულზე შეთანხმება.

 

განრიდებისა და მედიაციის პროცესში თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ეხმარებით მოზარდს:

ü  ჩადენილი ქმედების გაცნობიერებაში.

ü  ქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგის გაანალიზებაში.

ü  შეცდომის გამოსწორებასა და ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაში.

განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ არ გაუზიაროთ სხვა პირებს განრიდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისა და მისი განრიდების/განრიდება-მედიაციის პროცესში ჩართვის შესახებ თქვენთვის ცნობილი ინფორმაცია.

ვინ არის პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი

faq plus sign

როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე, საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე, თქვენ, როგორც დაზარალებულს, შესაძლებელია კომუნიკაცია გქონდეთ პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური საქართველოს პროკურატურაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული სამსახურის მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მოწმისა და დაზარალებულის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, თავშესაფარის, ფსიქოლოგის, იურიდიული ან სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოწმისა და დაზარალებულისთვის მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის ორგანიზაციებში გადამისამართება/მათთან დაკავშირებაში დახმარება. https://pog.gov.ge/coordinator-of-the-witness-and-victim

ვინ იღებს გადაწყვეტილებას პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის შესახებ

faq plus sign

კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში ერთვება პროკურორის გადაწყვეტილებით. პროკურორის გადაწყვეტილებით კოორდინატორი შეიძლება ჩაერთოს ისეთ მსხვერპლთან (დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი, ასევე, მოწმის სტატუსის მქონე პოტენციური დაზარალებული), რომელიც საჭიროებს ემოციურ მხარდაჭერას და გაძლიერებას.

 

როგორია კოორდინატორის როლი გამოძიების მიმდინარეობისას და სასამართლო განხილვისას

faq plus sign

პროკურორის მიერ კოორდინატორის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კოორდინატორი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებათ, გაგაცნობთ თავის ფუნქცია-მოვალეობებს და გაარკვევს თქვენს პოზიციას საქმეში მისი ჩართვის შესახებ. კოორდინატორი საქმეში ჩაერთვება მხოლოდ თქვენი სურვილის შემთხვევაში.

პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ კოორდინატორი მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ.

თქვენთვის გასაგები ენით განგიმარტავთ უფლებებსა და მოვალეობებს და აგიხსნით გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს.

თქვენი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობისას დაესწრება თქვენი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, ხოლო, საქმის სასამართლო განხილვისას დაესწრება სასამართლოში თქვენს დაკითხვას და თქვენი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს.

მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებათ შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.

რა სახის ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კოორდინატორისგან გამოძიების ეტაპზე

faq plus sign

გამოძიების ეტაპზე, თქვენი სურვილის შემთხვევაში, კოორდინატორი მოგაწვდით ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

Ø  გამოძიების დაწყება/განახლება.

Ø  დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანა/გაუქმება.

Ø  ზიანის ანაზღაურება.

Ø  ბრალდებულის დაკავება.

Ø  სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება/შეწყვეტა.

Ø  მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენა.

Ø  აღკვეთის ღონისძიების შეფარდება/შეცვლა/გაუქმება.

Ø  დისკრეციის/განრიდების/განრიდება-მედიაციის გამოყენება.

Ø  საქმის ტერიტორიული ან უწყებრივი ქვემდებარეობით გადაგზავნა.

Ø  გამოძიების შეწყვეტა.

რა სახის ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კოორდინატორისგან საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე

faq plus sign

სასამართლოში საქმის წარმართვის შემდეგ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, კოორდინატორი მოგაწვდით ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

Ø  წინასასამართლო სხდომის თარიღი.

Ø  წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან საქმის არსებითად განსახილველად გადაცემა.

Ø  საქმის სასამართლო განხილვის სხდომის თარიღები.

Ø  საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

Ø  საქმის განხილვის შედეგი.