კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სამუშაოს წარმოების/შრომის უსაფრთხოება
უკან დაბრუნებაგზამკვლევის შესახებ
წინამდებარე გზამკვლევი შეგიქმნით წარმოდგენას, როგორ დაიცვათ თავი თუ დაზარალდით შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო და რჩევები რას მიაქციოთ ყურადღება თქვენი შრომის უსაფრთხოებისთვის.
როგორ არის დაცული თქვენი უსაფრთხოება შრომის პროცესში?
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონით და არაერთი სხვა საკანონმდებლო აქტით დაცულია დასაქმებულთა უსაფრთხოება და განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება - უზრუნველყოს დასაქმებულები უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი.
საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებას სამუშაო ადგილებზე აკონტროლებს შრომის ინსპექციის სამსახური. თუ დადგინდება, რომ სახეზეა სამუშაო პროცესის არსებითი შეუსაბამობა უსაფრთხოების ნორმებთან - შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია დამსაქმებლის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელები: გაფრთხილება, ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება. შრომის ინსპექცია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მაშინაც, თუ სამუშაო ადგილზე არავინ დაზიანებულა და საფრთხე არსებობს პოტენციურად.
როდის არის შრომის უსაფრთხოების დარღვევა დანაშაული?
სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტი, რომელიც გამოწვეულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით სისხლის სამართლის წესით დასჯადია თუ გამოიწვია:
- ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება;
- ან გარდაცვალება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დასჯადია უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, დამამძიმებელი გარემოებაა თუ ამან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
რატომ არის შრომის უსაფრთხოება აქტუალური საქართველოში?
სისხლის სამართლის საქმეების ანალიზით დგინდება, რომ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებიდან ყველაზე ხშირია სიმაღლიდან ვარდნა, ტექნიკასთან დაუდევარი მოპყრობა, მძიმე საგნის ჩამოვარდნა, ელექტროტრავმის შემთხვევები, ლიფტის შახტაში ჩავარდნა და ა.შ.
ყოველწლიურად სამშენებლო სექტორში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად ყოველი მეოთხე ადამიანი იღებს თავის ტრავმას, რის გამოც მათი ნაწილი შრომისუუნარო ხდება ან შემთხვევა ფატალურად სრულდება. ასეთი შემთხვევების 70% გაუფრთხილებლობაა. თრობის მდგომარეობაში ადამიანის შრომისუნარიანობა 90%-ით ქვეითდება!
ვის უნდა მიმართოთ თუ სამუშაო ადგილზე საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას?
112 - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი
1575 - საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის ცხელი ხაზი
ვებგვერდი: labourinspection.gov.ge
რა ხდება მაშინ, თუ განაცხადებთ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე?
თქვენი შეტყობინების საფუძველზე, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება;
ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გაქვთ უფლება თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოთ გამომძიებელს;
გამოკითხვის ოქმში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, რა სახის და ოდენობის ზიანი მოგადგათ, ვის მიმართ გაქვთ პრეტენზია. ასევე, შეგიძლიათ გამომძიებელს მიუთითოთ მოწმეთა ვინაობა, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მომხდარის ირგვლივ;
დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის დადგენისთანავე პროკურორს გამოაქვს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რითაც გენიჭებათ პროცესუალური უფლებები, როგორიცაა: იცოდეთ წარდგენილი ბრალდების არსი; უფასოდ მიიღოთ შემაჯამებელი გადაწყვეტილების ასლები; მიიღოთ პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; მიიღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გაეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ა.შ;
სამოქალაქო დავის შემთხვევაში თავისუფლდებით სასამართლო ხარჯების გადახდისაგან დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე, თუ პროკურორის მიერ გამოტანილია დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;
ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და დაადგინოს აქვს თუ არა მას რაიმე სახის პრეტენზია ბრალდებულთან.
ვინ არის პასუხისმგებელი სამუშაო სივრცეში დასაქმებულის დაზიანება/გარდაცვალებაზე?
დამსაქმებელი - თუ ობიექტს, არ ჰყავს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და არც თავად დამსაქმებელი ითავსებს ამ ფუნქციას.
დამსაქმებელი - თუ ობიექტს, ჰყავს სამუშაოთა მწარმოებელი/ბრიგადირი, მაგრამ ხელშეკრულების მიხედვით არ აკისრია პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ან აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი არ აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა.
დამსაქმებელი - თუ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დამსაქმებელს არაერთხელ აცნობა სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებზე, სთხოვა ინვენტარის შეძენა ან სამუშაო პროცესის შეჩერება და დამსაქმებელი არ ახდენდა რეაგირებას.
შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც წერილობითი ხელშეკრულების მიხედვით აკისრია პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და სამუშაო ადგილზე არ არის უზრუნველჰყოფს აღნიშნული ნორმების დაცვას.
რა უნდა იცოდეთ როგორც დასაქმებულმა?
შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
დამსაქმებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება.
დასაქმებული - ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.
შრომის უსაფრთხოების ნორმები - ხშირ შემთხვევაში საწარმოო პროცესი დაკავშირებულია მრავალ საფრთხესა და რისკთან. კანონმდებლობით შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულებისას ნორმათა ერთობლიობა, რომელთა დაცვის შემთხვევაში თუნდაც, მაღალი რისკის შემცველს სამუშაო ადგილზე, დასაქმებულის დაზიანების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი - აკრედიტირებული პირი, რომელიც უნდა იყოს გამოყოფილი სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის მიერ, ან დამსაქმებელი თავად ასრულებდეს მის მოვალეობას. შრომის უსაფრთხოების მენეჯერი არ წარმოადგენს ე.წ „პრარაბს“ ან „ბრიგადირს“, მის ფუნქციას წარმოადგენს უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი, ატარებს ინსტრუქტაჟს, აქვს უფლება შეაჩეროს სამუშაო პროცესი, თუ არ სრულდება მისი მითითება.
უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე - შემთხვევა, რომელიც წარმოიშვება სამუშაოს შედეგად, ან მუშაობის დროს და სრულდება ფატალური შედეგით ან დაზიანებით, მაგ: სიმაღლიდან გადმოვარდნა, ან მოძრავ მექანიზმთან კონტაქტი, ელექტროტრამვა და ა.შ.
საფრთხე - ნებისმიერი რამ, რასაც შეუძლია ზიანის გამოწვევა, როგორიცაა ქიმიური ნაერთები, დენი, მუშაობა კიბეზე, უყურადღებოდ დატოვებული მანქანა-დანადგარები, ღია თარო, ღია ლიფტის შახტა, სტრესული სამუშაო და ა.შ.
ინსტრუქტაჟი - გულისხმობს დამსაქმებლის ან მის მიერ დელეგირებული პირის მიერ თანამშრომლების პერიოდულ გადამზადებას, ინსტრუქციების გაცემას, თუ როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო უსაფრთხოდ.
რა უფლებებით სარგებლობს დასაქმებული?
უსაფრთხო პირობები – სამუშაო გარემო არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, არავინაა ვალდებული იმუშაოს იმ პირობებში, სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ინფორმაცია – უნდა მიიღოთ ახსნა-განმარტება არსებული რისკების შესახებ და რჩევები, როგორ აიცილოთ ისინი თავიდან. დამსაქმებელი ვალდებულია შეაფასოს სამუშაო რისკები.
ტრენინგი – უფლება გაქვთ მიიღოთ უფასო ინსტრუქცია უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკებზე. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ შრომის ინსტრუქტაჟი. ინსტრუქტაჟი არ გულისხმობს მხოლოდ ფურცელზე ფორმალურ ხელმოწერას!
დამცავი საშუალებები – ჩაფხუტი, ხელთათმანები, ნიღაბი ან სხვა ინვენტარი დამსაქმებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს.
სამუშაოს შეწყვეტის უფლება – სერიოზული და დაუყოვნებელი საფრთხის არსებობისას შეგიძლიათ შეწყვიტოთ მუშაობა და აცნობოთ ხელმძღვანელს.
რა ვალდებულებები აქვს დასაქმებულს?
გარდა უფლებებისა, სამუშაო ადგილზე დასაქმებულს აქვს შემდეგი ვალდებულებები:
- გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელ და ფხიზელ მდგომარეობაში;
- დაიცვას ინსტრუქციები და შიდა წესები;
- გამოიყენოს (სწორად) დამცავი საშუალებები;
- შეატყობინოს ხელმძღვანელს ან მენეჯერს თუ მას ან სხვას ექმნება ნებისმიერი საფრთხე სამუშაო პროცესში;
- არ იმოქმედოს ისე, რომ საკუთარი ან სხვების უსაფრთხოება დააზიანოს;
- დაემორჩილოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებებს, განსაკუთრებით საფრთხის შემცველ სამუშაოებზე არ უნდა დაიწყოს მუშაობა პასუხისმგებელი პირის მითითების გარეშე;
დამსაქმებლის ვალდებულებები
- ორგანიზება გაუკეთოს სამუშაო პროცესს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის;
- სამუშაო ადგილზე ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული მენეჯერი, არ თავად შეასრულოს მისი მოვალეობა იმ შემთხვევაში, თუ გავლილი აქვს შესაბამისი სერტიფიცირებული კურსი;
- შეასრულოს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მოთხოვნა და მითითება;
- ჩაატაროს რისკების შეფასება და განაახლოს უსაფრთხოების გეგმები;
- უზრუნველყოს უსაფრთხო ტექნიკა, ხელსაწყოები და დამცავი ტანსაცმელი -უფასოდ;
- ჩაატაროს სწავლება და რეგულარული ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების თემებზე;
- აღრიცხოს და გამოიკვლიოს უბედური შემთხვევები, დაგეგმოს პრევენციული ნაბიჯები;
- ითანამშრომლოს შრომის ინსპექციის სამსახურთან და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.
მინიმალური ინსტრუქციები სამუშაო ადგილზე
ჩაფხუტის და უსაფრთხოების ღვედის მოხმარება 90%-ით ამცირებს მძიმე დაზიანების რისკს!
ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება დაუშვებელია დამცავი საშუალებების და პროცედურების დაცვის გარეშე! მაღალი ძაბვისა და ელექტრო მოწყობილობებთან აუცილებელია სპეც ტანსაცმლის გამოყენება.
ცემენტის წარმოების პროცესში აუცილებელია რესპირატორების ტარება, რაც მინიმუმამდე ამცირებს სასუნთქი გზების დაავადების რისკებს.
ინტენსიურ ხმაურიან სამუშაოებზე აუცილებელია ყურსასმენების გამოყენება, სმენის ფუნქციის დაზიანების თავიდან ასარიდებლად.
დასაქმების ადგილებზე ხშირია თვალის ტრავმას, რისი მიზეზიცაა მტვრის ნაწილაკების მოხვედრა. დამცავი სათვალის ტარება მინიმუმამდე ამცირებს რისკებს!
მაღაროში/შახტაში დასაქმებული აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ჩაფხუტით, სპეც-ტანსაცმლით, სანათით, სპეც-ბოტებით, თვითმაშველით, რაც მინიმუმამდე ამცირებს დაზიანების რისკებს.
ყველა ტიპის, საფრთხის შემცველ სამუშაოზე აუცილებელია ინსტრუქტაჟის ჩატარება, რომელიც დამსაქმებლის ვალდებულებაა!!!