კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

უკან დაბრუნება

გზამკვლევის შესახებ

faq plus sign

ყოველდღიური ცხოვრება, ასაკის მიუხედავად, მჭიდროდაა დაკავშირებული ციფრულ გარემოსთან. თანამედროვე ცხოვრება სულ უფრო მეტად გადადის ციფრულ სივრცეში — სოციალური ქსელები, მობილური აპლიკაციები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ შესაძლებებთან ერთად გაზარდა რისკები, რომლებიც ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების დაცვას უკავშირდება.

პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით. პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, გავრცელება ან გამოყენება კანონდარღვევაა და შესაძლებელია მძიმე სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.

გზამკვლევი მოგაწვდით ინფორმაციას რას გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა თუ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოებისა და პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრისა თუ სხვა ხერხით შეტყობინების საიდუმლოს დარღვევა; რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებებს და როგორ შეიძლება დაიცვათ საკუთარი თავი ამგვარი დანაშაულისაგან.
გაიგეთ მეტი, რათა იცოდეთ თქვენი უფლებები და დაიცვათ საკუთარი პირადი სივრცე.

რა შეიძლება იყოს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა?

faq plus sign

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა  დანაშაულია, თუ ზემოაღნიშნულმა რომელიმე ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მაგალითად: რეპუტაციის შელახვა, ოჯახის დანგრევა, ფსიქიკური თუ ემოციური ტრავმა და ა.შ.. მნიშვნელოვანი ზიანის ცნება შეფასებითი კატეგორიაა და უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების იმ სივრცეს, სადაც სხვა, გარეშე პირს არ აქვს ინფორმაციის მიღების უფლება, შენივე თანხმობის გარეშე. პირადი ცხოვრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას, გარეშე პირების ჩარევის გარეშე.

პირადი ცხოვრების ცნება ამოუწურავია და არ არსებობს ზუსტი დეფინიცია თუ რას გულისხმობს. თუმცა, პირადი ცხოვრების უფლება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად მოახდინოს ინფორმაციის, შთაბეჭდილებებისა და მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება. პირად ცხოვრებას მიეკუთვნება მათ შორის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია: ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან, ოჯახურ მდგომარეობასთან, სექსუალურ ცხოვრებასთან,  რწმენასთან, ადგილსამყოფელთან და ა.შ.. პირადი ცხოვრებაა ინდივიდის ფოტოები და ვიდეობი, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე და სხვა კერძო საკითხები, რომელთა გასაჯაროვებაც მას არ სურს. ყველა ადამიანს აქვს უფლება არ გაასაჯაროვოს ისეთი დეტალები, რომელიც მის პირად ცხოვრებას უკავშირდება.

პირადი ცხოვრებაა მაგალითად:  ვინ ვისთან ერთად იმყოფება სასტუმროს ნომერში, ვის სახელზეა ჯავშანი, რომელ საათზე შევიდნენ ნომერში და რომელ საათზე დატოვეს ის; ვინ ვისთან ერთად გაატარა დაბადების დღე და როგორ; ცხოვრების წესი; ფინანსური ვალდებულებები ორგანიზაციისა თუ კერძო პირის წინაშე და სხვა.

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. მაგალითად: პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, ტელეფონი, საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტა, GPS კოორდინატები, ადგილმდებარეობა რეალურ დროში, ლოკაცია მობილური ქსელის მეშვეობით, ბანკის ანგარიშის ნომერი, სესხისა თუ ანაბრის, ხელფასის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელები და ა.შ..

თუ ვინმემ ნებართვის გარეშე მოიპოვა, შეინახა, გაავრცელა ან გამოიყენა სხვისი პერსონალური მონაცემი, ან/და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, აუდიო თუ ვიდეომასალა, ან სხვაგვარად უზრუნველყო მათი ხელმისაწვდომობა,  წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აუცილებელია ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი.

ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პერსონალური მონაცემი ან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ისეთ ადგილასაა, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია მისი გაცნობა. მაგ.: სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული კვლევის შედეგები განთავსებულია ისეთ ადგილას, სადაც ნებისმიერ სხვა პაციენტს შეუძლია მათი წაკითხვა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უნებართვო მოპოვებაა მაგალითად: ავტომობილში ე.წ. „GPS მოწყობილობის“ ფარულად დამონტაჟების გზით გადაადგილებისა და ადგილსამყოფელის  კონტროლი;  პირადი ცხოვრების ამსახველი (მაგ.: სად და ვისთან ერთად იმყოფებოდით) ვიდეოს ან ფოტოს უნებართვო გადაღება.

მოპოვებული ინფორმაციის შენახვა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.

გამოყენების დროს პირი პირადი მიზნების მისაღწევად, დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედებისათვის იყენებს მის ხელთ უკანონო გზით არსებულ ინფორმაციას. მაგალითად: ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა, რასაც თან ახლავს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების/ვიდეოების გავრცელების მუქარა.

რაც შეეხება გავრცელებას, შესაძლოა გამოიხატოს სხვა პირთან გადაგზავნაში, სოციალურ ქსელებში საჯაროდ ატვირთვაში და ა.შ.

დანაშაულის ჩადენის ხერხი იგივეა რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევაში. თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი, უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ ქვემოთ.  


რა შეიძლება იყოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა?

faq plus sign

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა წარმოადგენს დანაშაულს. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ზემოაღნიშნულმა რომელიმე ალტერნატიულმა ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. ფაქტი, რომ პირმა უკანონოდ მოიპოვა, შეინახა, გაავრცელა ან გამოიყენა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლო, საკმარისია, რომ დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

პირადი ცხოვრების საიდუმლო ისეთი რამაა, რომლის გასაჯაროვება პირს არ სურს და აქვს მისი გაუხმაურებლობის გონივრული მოლოდინი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრების საიდუმლო არის ისეთი ინფორმაცია, რომლის გახმაურებამაც შესაძლოა ადამიანს მიაყენოს მორალური ზიანი, იყოს მატრამვირებელი, უარყოფითად აისახოს სოციალურ წრეში მისდამი დამოკიდებულებაზე, საზოგადოების თვალში აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში, მოუწიოს თავის მართლება, მოჰყვეს უარყოფითი შეფასებები და გაკიცხვა საზოგადოების მხრიდან  და ა.შ..

პირადი ცხოვრების საიდუმლო ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს პირადი ცხოვრების ამსახველი რეალური ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება რეალურ ფაქტებს და რომელთა გასაჯაროვებაც არ სურს პირს, ვისაც ეს საიდუმლო უკავშირდება. არარსებული და გამოგონილი ინფორმაცია ვერ იქნება პირადი ცხოვრების საიდუმლო. ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მოპოვება ან შენახვა არ წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციისა თუ ინტიმური პარტნიორის შესახებ ინფორმაცია; ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი ნაშვილები ან მძიმედ ავადმყოფია; აქვს გადამდები დაავადება, რომლის შესახებაც არავინ იცის; შიშველი თუ ნახევრად შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოსურათები ან/და ვიდეომასალა. როგორ გამოიყურება ადამიანი შიშველ მდგომარეობაში, ვისთან, როდის და როგორ ამყარებს სქესობრივ კავშირს, წარმოადგენს იმგვარ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც დაკავშირებულია განსაკუთრებულ უხერხულობასთან, სირცხვილსა თუ დისკომფორტთან, ასევე შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებულ პირებს  თუ ინტიმურ პარტნიორებს შორის რომ იარსებებს სქესობრივი ურთიერთობა, ეს თავისთავად საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუმცა ამ ურთიერთობის ამსახველი ფოტო, ვიდეო თუ აუდიო მასალა უკვე წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს, ვინაიდან არავის აქვს უფლება თვით ამ პირის თანხმობის გარეშე მოიპოვოს, გაავრცელოს, შეინახოს ან გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება  - სოციალური ქსელებისა თუ აპლიკაციების მეშვეობით ვიდეოსაუბრისას, თუ მეორე მხარე უნებართვოდ ჩაიწერს ვიდეოს ან გააკეთებს ე.წ. „სქრინებს“, სადაც ასახულია პირის შიშველი ან ნახევრად შიშველი სხეული, ინტიმური საუბარი, წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შესაბამისად - დანაშაულს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაა ფარული მოწყობილობის დამონტაჟება (არ აქვს მნიშვნელობა ვინ ამონტაჟებს მოწყობილობას, იქნება ეს ოჯახის წევრი, მეგობარი, პარტნიორი თუ მესამე პირი) და  შედეგად ინტიმური ურთიერთობის გადაღება, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი სხვა ინფორმაციის მოპოვება, მაგალითად დახურულ სივრცეში, საკუთარ სახლში როგორ ცხოვრობს ადამიანი, როგორ იღებს შხაპს, ვის ხვდება, რა თემაზე საუბრობს და ა.შ..

პირადი საიდუმლოს შემცველი მიმოწერის წაკითხვა წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას. ასევე დასჯადია ამ მიმოწერისათვის ფოტოსა თუ ვიდეოს გადაღება (შენახვა) და შემდგომ გამოყენება,  გავრცელება და ა.შ..

სხვისი ტელეფონიდან საკუთარ ტელეფონში ფოტოების და ვიდეოების გადაგზავნა, რომელიც არის ინტიმური შინაარსის და წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს, წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას.

უკანონო მოპოვებაა როდესაც ტელეფონში არსებულ ფოტოს გადაუღებ ფოტოს ან არსებულ ვიდეოს გადაიღებ ვიდეოთი შენი ტელეფონით და თუნდაც მხოლოდ შეინახავ.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება - თუ ვინმე უნებართვოდ გაავრცელებს სხვა პირის შიშველი ან ნახევრად შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას, სექსუალური ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს,  არ აქვს მნიშვნელობა გადაუგზავნის მესამე პირს, დაზარალებულის ნაცნობებსა თუ ოჯახის წევრებს, ატვირთავს დაზარალებულის სოციალურ გვერდზე თუ სხვა გვერდზე, წარმოადგენს დასჯად ქმედებას. თუ ადამიანი არ ერიდება საკუთარი შიშველი სხეულის საჯაროდ ჩვენებას, ასეთ შემთხვევაში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა არ ხდება. თუკი პირს არ სურს სხვებისათვის გახდეს ცნობილი, რომ კონკრეტულ ადამიანს უჩვენებს საკუთარ შიშველ სხეულს, ვინმესთან აქვს მსგავსი ტიპის ურთიერთობა, წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება არ გულისხმობს მხოლოდ ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაგზავნას ან რომელიმე სოციალურ ქსელსა თუ აპლიკაციაში ატვირთვას. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი  ფოტოების/ვიდეოების  ჩვენება სხვა პირისათვის, ასევე წარმოადგენს დანაშაულს.

არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაავრცელებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს: მეუღლე,  ყოფილი მეუღლე თუ ინტიმური პარტნიორი, უბრალოდ ნაცნობი თუ საერთოდ უცხო ადამიანი. ნებისმიერი პირი, ვინც უნებართვოდ ავცელებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს, ისჯება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის.  

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი, ნებაყოფლობით გადაღებული ვიდეოს უნებართვო გავრცელება, წარმოადგენს დანაშაულს. გავრცელება არის არა მხოლოდ ვინმესთვის გადაგზავნა ან სოციალურ ქსელში ატვირთვა, არამედ ასევე როდესაც სხვა პირს აჩვენებ ფოტოებს ან/და  ვიდეოს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა - პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის უნებართვოდ შენახვა, მათ შორის, კომპიუტერულ მოწყობილობასა თუ ტელეფონში, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუ ვინმეს ნებაყოფლობით გადაუგზავნი შიშველი/ნახევრად შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოსურათს/ვიდეოს, რომელსაც ეს პირი შენი ნებართვის გარეშე/ნების საწინააღმდეგოდ შეინახვას, დაისჯება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის.

თუ ვინმე გადმოგიგზავნის მესამე პირის პირადი საიდუმლოს ამსახველ ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) და შენ ამ ფაილებს შეინახავ, წარმოადგენს დანაშაულს, მიუხედავად იმისა გაავრცელებ მას თუ არა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება - თუ ვინმე გემუქრება (შენი ან შენი ოჯახის წევრის/ახლობლების სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ქონების განადგურებით), გაშანტაჟებს, გემუქრება შენთვის სენსიტიური ინფორმაციის გავრცელებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს ინფორმაცია შეესაბამება რეალობას თუ არა და გაიძულებს გადაუგზავნო შენი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოსურათები თუ ვიდეოები, ვიდეოზარის დროს გაიძულებს გაშიშვლებას,  არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოს/ფოტოს მოპოვება, მიუხედავად იმისა, პირადად იცნობ თუ არა ამ პირს ან/და შენახვა, ნებისმიერი ფორმით გავრცელება და გამოყენება წარმოადგენს დანაშაულს.

სოციალური ქსელის პაროლის უკანონო მოპოვების გზით პირადი საიდუმლოს გაცნობა, პირადი მიმოწერის წაკითხვა, მესენჯერში გადაგზავნილი ფოტოების ჩამოტვირთვა, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.


რა შეიძლება იყოს კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრისა თუ სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა?

faq plus sign

სოციალური ქსელების თუ აპლიკაციების მეშვეობით განხორციელებული საუბარი ან/და მიმოწერა, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხმოვანი შეტყობინება  და ა.შ. კანონმდებლობით დაცულია გარეშე პირის უნებართვო ჩარევისაგან. ნებისმიერი კორესპონდენციის  ნებართვის გარეშე გაცნობა, წარმოადგენს დანაშაულს. არ აქვს მნიშვნელობა მესამე პირი რატომ კითხულობს სხვის პირად მიმოწერას. იქნება ეს: ეჭვიანობა, შურისძიება, ცნობისმოყვარეობა, კონტროლის სურვილი და ა.შ.. 

არავის, მათ შორის არც მეუღლეს, მასწავლებელს, მეგობარს არ აქვს უფლება ნებართვის გარეშე გაეცნოს მესამე პირის მიმოწერას, გადაუგზავნოს სხვას ან შეინახოს. 
არავის აქვს უფლება სხვისი კერძო საუბარი  ჩაიწეროს უნებართვოდ ან მიაყურადოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მაგალითად, მეუღლე, ინტიმური პარტნიორი ან სხვა პირი სატრანსპორტო საშუალებაში, ბინაში ან სხვა ადგილას ამონტაჟებს მოსასმენ მოწყობილობას;  სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით ახორციელებს უნებართვო თვალთვალსა და კერძო საუბრის ჩაწერას. კერძო პირებს შორის საუბრის ამსახველი ჩანაწერის ვინმესათვის გადაგზავნა ან თუნდაც მოსმენინება წარმოადგენს უკანონო გავრცელებას. 

კერძო საუბრის ჩაწერა ტელეფონის ხმისჩამწერი აუდიო მოწყობილობის/აპლიკაციის გამოყენებით, კომუნიკაციის მეორე მხარის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საუბრის შემდგომში პირადი მიზნებისათვის გამოყენების მიზნით არის დასჯადი ქმედება. აქ არ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საუბრის ჩაწერა ხდება ჩადენილი/მოსალოდნელი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად. 

პირადი საუბრის, იქნება ეს ხმოვანი შეტყობინებები თუ მიმოწერა, რომელიც შეიცავს პრადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, მესამე პირთან გადაგზავნა წარმოადგეს სისხლის სამართლის დანაშაულს. არ აქვს მნიშვნელობა გადაგზავნა მოხდება ე.წ. „სქრინის“ თუ შეტყობინების გადაგზავნის გზით. 
კერძო პირებს შორის არსებული მიმოწერებისათვის ფოტოს გადაღება და შენახვა, არ აქვს მნიშვნელობა მიმოწერის შინაარსს; სხვისი საკომუნიკაციო საშუალების საკუთარ კომპიუტერულ მოწყობილობაში გააქტიურება და მიმოწერის გაცნობა წარმოადგენს დანაშაულს.

რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება დარღვევას და როგორ დაიცვა თავი?

faq plus sign

როგორც უკვე აღინიშნა, სხვის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. უფლების დარღვევის შემთხვევაში, პროკურატურას აქვს მკაცრი პოლიტიკა და ხელმყოფის მიმართ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში კი დამნაშავეს ეკისრება სასჯელი და შედეგად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აქვს ნასამართლობა. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათებითა და ვიდეოჩანაწერების, სახელგამტეხი თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ან გავრცელების მუქარით სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნა, ინტიმური შინაარსის ახალი ფოტო/ვიდეო მასალის გაგზავნის მოთხოვნა, ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნა, რომლის შესრულებაც ან შეუსრულებლობაც მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. 

როდესაც ვიღაც გაიძულებთ გადაუგზავნოთ ინტიმური შინაარსის მქონე ფოტო ან ვიდეო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში გემუქრებათ სახელგამტეხი ცნობების გახმაურებით, სოციალურ ქსელში  ინფორმაციის განთავსებით, რომელიც შესაძლოა არც შეესაბამებოდეს სიმართლეს ან/და უკვე განთავსებული ინფორმაციის წაშლის სანაცვლოდ ითხოვს თქვენგან კონკრეტული მოქმედების განხორციელებას, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და დასჯადია მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან. იმისათვის რომ დაიცვათ თავი დამნაშავისაგან, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სამართალდამცავ ორგანოებს და არ გადაუგზავნოთ თქვენი პირადი ცხოვრებისა თუ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია. 

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნებს დამნაშავეები ეცნობიან თითქოსდა იმავე სქესის წარმომადგენლებად, შექმნილი აქვთ ყალბი გვერდები და ესაუბრებიან როგორც თანატოლს. არ გადაუგზავნოთ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არავის, სანამ ზუსტად არ გეცოდინებათ ვისთან გაქვთ კომუნიკაცია და თუ 100% არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს მიერ გადაგზავნილ ფოტოებსა თუ ვიდეოს არ გამოიყენებს პირადი მიზნებისათვის. 

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ უფლებების დარღვევის შემთხვვაში?

faq plus sign

- დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე  -  „112“;

- თუ ვინმე გაიძულებთ გადაუგზავნოთ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო, გემუქრებათ ადრე გადაგზავნილი ფოტოების/ვიდეოს გასაჯაროვებით თუ ახალ ფოტოს/ვიდეოს არ გადაუგზავნით, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს და იმოქმედეთ მათი მითითებების შესაბამისად;

- არ წაშალოთ დანაშაულის ჩამდენ პირთან არსებული მიმოწერა - მტკიცებულებები საჭიროა სათანადო რეაგირებისათვის;

- გააკეთეთ ე.წ. „სქრინები“ დანაშაულის ჩამდენ პირსა და თქვენ შორის არსებული მიმოწერის, შეინახეთ და წარუდგინეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს;

- არ ატვირთო შენი ინტიმური/ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოები/ვიდეოები ინტერნეტში, არ გაუზიარო სხვას თუნდაც შეყვარებულს/პარტნიორს თუ ზუსტად არ იცი, რომ სამომავლოდ არ გამოიყენებს მას პირადი მიზნებისათვის.