კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

შესავალი

faq plus sign

წინამდებარე გზამკვლევში წარმოდგენილია ინფორმაცია ყადაღის შესახებ.

 

გზამკვლევში მოცემულია ყადაღის განმარტება, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მიზნით გამოიყენება ყადაღა სისხლის სამართლის პროცესში, რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს ყადაღის გამოსაყენებლად, სისხლის სამართლის პროცესის რა ეტაპზე, ვის მიმართ და რა ხანგრძლივობითაა შესაძლებელი ყადაღის გამოყენება. როგორ ხდება ყადაღის დადება, რას ნიშნავს ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა და ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია.


რა არის ყადაღა?

faq plus sign

ყადაღა ქონების განკარგვის დროებითი შეზღუდვის სამართლებრივ ღონისძიებაა, რომელიც გამოიყენება სისხლის სამართლის პროცესში. განკარგვა გულისხმობს მის გასხვისებას, გადაცემას ან უფლებრივად დატვირთვას. მისი მიზანია ისეთი ქონების დაცვა, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულთან დაკავშირებული ან მომავალში დაექვემდებაროს ჩამორთმევას. ყადაღის დადება ნიშნავს იმას, რომ ქონების მესაკუთრეს დროებით ეზღუდება უფლება, თავისუფლად განკარგოს აღნიშნული ქონება. ყადაღა ხელს უწყობს იმას, რომ ბრალდებულმა ვერ შეძლოს ქონების დამალვა, გადაცემა ან განადგურება.

ყადაღის გამოყენება რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს მისი გამოყენების პირობებს, პროცედურას და პირის უფლებებს.

ყადაღა შეიძლება დაედოს სხვადასხვა სახის ქონებას:

უძრავი ქონება -  ბინა; საცხოვრებელი სახლი; მიწის ნაკვეთი; კომერციული ფართი და ა.შ

მოძრავი ქონება - ავტომობილი; ტექნიკა; ძვირფასი ნივთები და ა.შ

ფინანსური აქტივები - საბანკო ანგარიშები; დეპოზიტები; აქციები; ობლიგაციები; ბიზნეს აქტივები; საწარმოს ქონება; საწარმოს წილი ან აქციები და ა.შ

ასევე შესაძლებელია ყადაღა დაედოს ნებისმიერ სხვა ქონებას, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება და შეიძლება დაკავშირებული იყოს დანაშაულთან.

ვის ქონებას შეიძლება დაედოს ყადაღა?

faq plus sign

ყადაღა შეიძლება დაედოს:

- ბრალდებულის ქონებას;

- იმ პირის ქონებას, რომელიც კანონის მიხედვით პასუხს აგებს ბრალდებულის მიერ მიყენებულ მატერიალურ ზიანზე (მაგ. დამსაქმებელი; იურიდიული პირი (კომპანია) და ა.შ)

- ბრალდებულთან დაკავშირებული პირის ქონებას ანუ იმ პირის ქონება, რომელიც უბრალოდ დაკავშირებულია ბრალდებულთან (ნათესავი, პარტნიორი, მეგობარი, თანამესაკუთრე და ა.შ.), მაგრამ აუცილებელი არ არის პასუხისმგებელი იყოს ზიანზე. ასეთი ქონება შეიძლება გახდეს გამოძიების ინტერესის საგანი, მაგალითად თუ არსებობს ეჭვი, რომ ბრალდებულმა ქონება გადაუფორმა სხვას ან ფაქტობრივად ბრალდებულს ეკუთვნის, მაგრამ სხვის სახელზეა.


რატომ უნდა დაედოს ამ პირების ქონებას ყადაღა?

თუ არსებობს მონაცემები, რომ:

-  ეს პირები ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ 
- ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული

მოცემულ შემთხვევაში ყადაღის დადების მიზანი სამომავლოდ ქონების შესაძლო ჩამორთმევაა.

ყადაღა შესაძლოა დაედოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მესაკუთრე მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა:

- კორუფციული დანაშაულები  (კორუფციული დანაშაულები არის ისეთი ქმედებები, როდესაც საჯარო თანამდებობა გამოიყენება პირადი სარგებლის მისაღებად. მაგ. ქრთამის აღება/მიცემა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ.)

- რეკეტული დანაშაულები (რეკეტული დანაშაულები არის ისეთი დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების ან ქონებრივი სარგებლის იძულებით მიღებასთან, ძალადობით, მუქარით ან სხვა უკანონო ზეწოლით, რასაც ორგანიზებული და სისტემატიური ხასიათი აქვს)

- „ქურდული სამყაროს“ წევრობა ან „კანონიერი ქურდობა“

-  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ნიშნავს ისეთი ფულის ან ქონების დაფარვას ან ლეგალურად წარმოჩენას, რომელიც მიღებულია დანაშაულებრივი გზით და რომლის ოდენობა 50 000 ლარი და მეტია)

შესაძლოა ქონება არ ეკუთვნოდეს არც ერთ ზემოაღნიშნულ პირს, მაგრამ თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, მას შესაძლოა დაედოს ყადაღა. ამ შემთხვევაში რა მიზნით ედება ქონებას ყადაღა:

ა) ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად;
ბ) ქონების განადგურებისგან ან დაზიანებისგან  დასაცვად;
გ) ქონების გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად;
დ) დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

ქონებაზე ყადაღის დადების ერთ-ერთი მიზანი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც შეიძლება იყოს.

ქონება, რომელსაც არ შეიძლება დაედოს ყადაღა

faq plus sign

არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისთვის საჭირო კვების პროდუქტებს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს.

ყადაღის დადების პროცედურები

faq plus sign

ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა როგორც წესი შემდეგია: მხარე (ბრალდების ან დაცვის) შეადგენს შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და უგზავნის იმ სასამართლოს რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს გამოძიება. სასამართლო შუამდგომლობის შეტანიდან არაუგვიანეს 48 საათისა განიხილავს მას და ან დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, ანუ მისცემს მხარეს ნებართვას ყადაღა დაედოს ქონებას ან არ მისცემს ქონების დაყადაღების ნებართვას.

ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, მაგალითად არსებობს შემთხვევები როდესაც პროკურორს აქვს საკმარისი მტკიცებულებები ვარაუდისათვის, რომ ქონებას რომელსაც უნდა დაედოს ყადაღა გადამალავენ ან გაანადგურებენ, სანამ სასამართლო ზოგადად დადგენილი წესით განიხილავს პროკურორის შუამდგომლობას და გასცემს ნებართვას ქონების დაყადაღებაზე. ასეთ შემთხვევაში  პროკურორს უფლება აქვს გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და თავისი დადგენილებით დაადოს ქონებას ყადაღა. მსგავს გამონაკლის შემთხვევაშიც, პროკურორი ვალდებულია  12 საათის განმავლობაში გაუგზავნოს სასამართლოს შუამდგომლობა სადაც დაუსაბუთებს თუ რა გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა ყადაღის დადება. სასამართლო განიხილავს ამ შუამდგომლობას და მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის დადგენილებით დადებული ყადაღა დატოვოს ძალაში თუ გააუქმოს.

როგორ და სად საჩივრდება ყადაღის განჩინება?

faq plus sign

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს ყველა იმ პირს, რომლის ქონებას ან უფლებას ეხება ყადაღა. ყადაღის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოში.

განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ პროკურორს, ბრალდებულს ან/და პირს, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ამ განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან.

რა ვადითაა შესაძლებელი ქონებაზე ყადაღის დადება?

faq plus sign

როდესაც ყადაღა ედება ბრალდებულის ან მასთან დაკავშირებული პირის ქონებას ყადაღის ვადა გრძელდება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაყვეტილების მიღებამდე. საბოლოო გადაყვეტილება შეიძლება იყოს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევა ან სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტა.

მაგრამ თუ ქონებას იმ მიზით ადევს ყადაღა რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული და ჯერ სისხლისსამართლკებრივი დევნა არავის მიმართ არ არის დაწყებული, მაშინ  ქონებას ყადაღა ედება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.

ბრალდების მხარე უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით და მოითხოვოს  ქონებაზე დადებული ყადაღის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება.

როგორ ხდება ყადაღის განჩინების (დადგენილების) აღსრულება?

faq plus sign

ყადაღის დადებისას სასამართლოს განჩინებაში (პროკურორის დადგენილებაში) ზუსტად უნდა განისაზღვროს რომელ ქონებას, რა საგანს და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა.

მხარე სასამართლოს განჩინებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა.

საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები.

ყადაღადადებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს (ანუ ქონება უნდა იყოს ფიზიკურად ან თუნდაც სამართლებრივად იზოლირებული, მაგალითად პირმა რომ  არ გადააფორმოს ან არ გაყიდოს ქონება).

რას ნიშნავს ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა?

faq plus sign

მესაკუთრის უფლება: ყადაღადადებული ქონების მესაკუთრეს აქვს უფლება მოითხოვოს ქონების გამოყენება ან მიზნობრივი განკარგვა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

ეს უფლება შეიძლება ბრალდებულმა გამოიყენოს საქმის ნებისმიერ ეტაპზე — გამოძიების დაწყებიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

მიზნობრივი განკარგვა: მესაკუთრეს შეუძლია ითხოვოს ქონების მიზნობრივი გამოყენება, ანუ ქონების ან მისგან მიღებული თანხის გამოყენება ზიანის ანაზღაურებისთვის.

ფორმები: ფიზიკური ქონების გამოყენება — პირდაპირი მიზნობრივი განკარგვა ქონების სახით ანუ ამ ქონების გადაცემა დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად.

ფულის გადაცემა — შესაძლოა ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა გადაეცეს დაზარალებულს ზიანის ასანაზღაურებლად.

პრაქტიკული მაგალითი: ბრალდებულმა დაზარალებულს დაუზიანა მანქანა, გამოძიების მიმდინარეობისას მისი სახლის დაყადაღებულია. ბრალდებულს ან სახლის მესაკუთრე (თუ სხვა პირია) შეუძლია მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს სახლის გაქირავებისგან მიღებული თანხის ან გაყიდვის შედეგად მიღებული ფულის გამოყენება დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის.

რას ნიშნავს ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია?

faq plus sign

თუ ბრალდებულის მოძრავი ქონება (მაგალითად ავტომობილი) დაყადაღებულია  და ყადაღის მიზანია ბრალდებულს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩამოერთვას ეს ქონება და ამავდროულად ამ ქონების უბრალოდ შენახვა ძალიან ამცირებს მის ღირებულებას (მაგალითად, გაფუჭდება, გაიცვითება, ან დაზიანდება), პროკურორს შეუძლია სასამართლოს სთხოვოს, რომ ეს ქონება გაყიდონ აუქციონის წესით.

შესაბამისად, ქონების ფიზიკურად შენახვა აღარ არის აუცილებელი — მის ნაცვლად ის ფულადი სახით შეინახება, რომელიც შეიძლება შემდეგ გამოიყენონ, მაგალითად, ზიანის ანაზღაურებისთვის ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა, სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე განთავსდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.

თუ სასამართლო საბოლოოდ არ მიიღო ამ ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება, ამ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული/ამონაგები თანხა ბრალდებულს დაუბრუნდება.

განსხვავება ყადაღასა და ქონების ჩამორთმევას შორი

მახასიათებელი

ყადაღა

ჩამორთმევა / კონფისკაცია

ქონების მფლობელის უფლებები

შეზღუდული, ქონება რჩება მესაკუთრის   სახელზე

დაკარგულია, ქონება გადაეცემა სახელმწიფოს

მიზანი

ქონების შენახვა, დაცვის უზრუნველყოფა, შესაძლო რეალიზაცია

ბრალდებულის მიერ უკანონოდ მიღებული ქონების/შემოსავლის ჩამორთმევა ან ზიანის დაფარვა

დროებითი/მუდმივი

დროებითი

საბოლოო (მუდმივი)


დასკვნა

faq plus sign

ყადაღა სამართლებრივ ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების რეალურ აღსრულებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზღუდავს საკუთრების უფლებას, მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი და დაცულია პროპორციულობის პრინციპი. სწორედ ამ ბალანსის დაცვა — სახელმწიფოს ინტერესსა და პირის უფლებებს შორის — არის ყადაღის ინსტიტუტის მთავარი სამართლებრივი არსი.


ყადაღა

faq plus sign