კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

საერთაშორისო თანამშრომლობა

უკან დაბრუნება

საერთაშორისო თანამშრომლობა

faq plus sign

მზარდი გლობალიზაციისა და ინტენსიური მიგრაციის პირობებში დანაშაული სულ უფრო ხშირად სცდება ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და კარგად კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს.

გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების ეფექტიან თანამშრომლობას უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, მათ შორის ექსტრადიციის, სამართლებრივი დახმარებისა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. 

დეპარტამენტი ასევე პასუხისმგებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საერთაშორისო შეფასებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და საერთაშორისო სტანდარტების საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაზე.  

გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი ორი სამმართველოსაგან შედგება: 

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საქმეების წარმოებას შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: ექსტრადიცია; საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე; თანამშრომლობა საერთაშორისო ონლაინ მომსახურებების პროვაიდერებთან; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოძიება და დაბრუნება; სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა.

ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურის აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიან თანამშრომლობას.

ევროინტეგრაციის მიმართულებით სამმართველო, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს და ამზადებს ანგარიშგებას ევროკავშირის გაფართოების და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშებისთვის, აგრეთვე უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადებისა და შესრულების კოორდინაციას.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში, სამმართველო, მათ შორის, გენერალური პროკურატურის სპეციალურ დანაყოფებთან ერთად, კოორდინაციას უწევს ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შეფასების ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასებებს, აგრეთვე ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის (UNTOC) და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის (UNCAC) იმპლემენტაციის შეფასების პროცესებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებას. იგი ასევე ხელს უწყობს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებას.

სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, მათ შორის კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება და ხარვეზების იდენტიფიცირება.

სამმართველო ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (OLAF) ევროკავშირის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე. იგი აგრეთვე ჩართულია ინტერპოლის ვერცხლისფერი ცირკულარის ინსტრუმენტის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში.

საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი:  [email protected] 


რა არის ექსტრადიცია?

faq plus sign

ექსტრადიცია არის ფორმალური სამართლებრივი პროცედურა, რომლის ფარგლებშიც ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს გადასცემს ძებნილ პირს სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასჯელის აღსრულების მიზნით.

რა საკითხები ფასდება ექსტრადიციის დროს

faq plus sign

იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა პირი ექსტრადიციას, გადამცემი სახელმწიფო განიხილავს რიგ სამართლებრივ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გარემოებებს. მათ შორის, უნდა დადგინდეს არის თუ არა ექსტრადიციის ქვემდებარე ქმედება დასჯადი გადამცემ სახელმწიფოში და ემუქრება თუ არა ძებნილ პირს ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში დევნის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური რისკი.

საქართველოს პროკურატურის როლი ექსტრადიციის საკითხზე

faq plus sign
საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის საკითხებზე საქართველოს ცენტრალური კომპეტენტური ორგანოა. იგი წამყვან როლს ასრულებს როგორც საქართველოს მიერ ძებნილი პირების უცხო სახელმწიფოებიდან საქართველოში, ისე  უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირების საქართველოდან უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის პროცესში.

როცა საქართველო ითხოვს პირის გადმოცემას

faq plus sign

თუ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი უცხო ქვეყანაში დადგინდა, საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართავს და შემდგომ პროცესს წერილობითი კომუნიკაციის გზით წარმართავს. ექსტრადიციის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირის საქართველოში ფიზიკურ გადმოყვანას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

როცა უცხო სახელმწიფო ითხოვს პირის გადაცემა

faq plus sign

საქართველოს პროკურატურა, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, წარმართავს საქართველოდან უცხო სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის პროცესს. პროცესი პროკურატურის ინიციატივით იწყება. ძებნილი პირის მოძიებასა და დაკავებას, როგორც წესი, ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სხვა საგამოძიებო ორგანო. საკმარისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განსახილველად. თუ სასამართლო ექსტრადიციას დასაშვებად ცნობს, პირის ექსტრადიციის ან მასზე უარის თქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი იღებს.

ექსტრადიციების მარეგულირებელი ძირითადი ჩარჩო მოცემულია სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონსა და შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში. 


საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება

faq plus sign

საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები დახმარებას უწევენ ერთმანეთს გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში.

ამ პროცედურის ფარგლებში სახელმწიფოები ერთმანეთს ფართო დახმარებას უწევენ, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ფორმებს: მტკიცებულებათა მოპოვება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვა და დაკითხვა, ჩხრეკა, ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა; საპროცესო დოკუმენტების ჩაბარება; სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი ამ სფეროში ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენს და აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში შემდეგი მოვალეობები აკისრია: უცხო სახელმწიფოებიდან შემოსული სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობების მიღება, განხილვა და მათი შესრულების კოორდინაცია; საქართველოს საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოების მიერ მომზადებული შუამდგომლობების გადაგზავნა შესაბამის უცხო ქვეყნებში.


ელექტრონული მტკიცებულებები და ონლაინ სერვის-პროვაიდერები

faq plus sign

სულ უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმე ეყრდნობა ელექტრონულ მტკიცებულებებს, რომლებიც ხშირად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ინახება. 

კიბერდანაშაულის შესახებ ბუდაპეშტის კონვენცია, საერთაშორისო თანამშრომლობის ტრადიციულ ფორმებთან ერთად, ითვალისწინებს სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის მექანიზმებს. ამ მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი წარმოადგენს ცენტრალურ საკონტაქტო ორგანოს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებიდან ელექტრონული მტკიცებულებების გამოთხოვის მიმართულებით. უწყება ასევე თანამშრომლობს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან ციფრული აქტივების მოძიების, ამოღებისა და ჩამორთმევის პროცესში.

ონლაინ სერვის-პროვაიდერებთან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის წარმატების კუთხით საქართველო ერთ-ერთი გლობალური ლიდერია. მაგალითად, META-ს მიერ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოს 10-ეულში ხვდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. 

საქართველოს პროკურატურა მონაწილეობს EUROJUST-ისა და EUROPOL-ის SPOC ქსელში, რომელშიც საერთაშორისო ონლაინ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირები არიან გაწევრიანებული.


დანაშაულებრივი ქონების საერთაშორისო დაბრუნება

faq plus sign

დანაშაულში ჩართული პირები ხშირად დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას საზღვარგარეთ მალავენ, მისი გამოვლენისა და ჩამორთმევის თავიდან ასაცილებლად.  საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა უზრუნველყოს ასეთი აქტივების საერთაშორისო მოძიება, დაყადაღება, ამოღება, ჩამორთმევა და დაბრუნება. ეს პროცესი ასევე მოიცავს ქონების დაბრუნების ოფისებთან თანამშრომლობას. ამ მიზნით, პროკურატურა აქტიურად იყენებს CARIN-ის ქსელს.

დანაშაულებრივ ქონების მოძიების და დაბრუნების საერთაშორისო თანამშრომლობის  მექანიზმი შესაძლებელს ხდის დაზარალებულებს აუნაზღაურდეთ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და ამავდროულად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზებული და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. 


სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა

faq plus sign

სისხლის სამართლის საქმის გადაცემა ერთ სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, მეორე სახელმწიფოს სთხოვოს გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელება.

ეს მექანიზმი ხელს უწყობს მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას და უზრუნველყოფს, სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნეს იქ, სადაც ამისათვის საუკეთესო პრაქტიკული და სამართლებრივი წინაპირობები არსებობს დანაშაულის ეფექტიანი აღკვეთის, დაზარალებულთა ინტერესების დაცვისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნების გათვალისწინებით. სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის ამ ფორმას განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც პირის ექსტრადიცია მისი მოქალაქეობის გამო შეუძლებელია და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მისსავე სახელმწიფოში ხორციელდება, რათა დანაშაული  არ დარჩეს დაუსჯელი.


სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა

faq plus sign

სისხლის სამართლის საქმის გადაცემა ერთ სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, მეორე სახელმწიფოს სთხოვოს გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელება.

ეს მექანიზმი ხელს უწყობს მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას და უზრუნველყოფს, სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნეს იქ, სადაც ამისათვის საუკეთესო პრაქტიკული და სამართლებრივი წინაპირობები არსებობს დანაშაულის ეფექტიანი აღკვეთის, დაზარალებულთა ინტერესების დაცვისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნების გათვალისწინებით. სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის ამ ფორმას განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც პირის ექსტრადიცია მისი მოქალაქეობის გამო შეუძლებელია და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მისსავე სახელმწიფოში ხორციელდება, რათა დანაშაული  არ დარჩეს დაუსჯელი.


დეპარტამენტის კომპეტენციის მიღმა არსებული მომიჯნავე საკითხები

faq plus sign
სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ზოგიერთი მექანიზმი საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენციის მიღმაა და მასზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროა პასუხისმგებელი. ამგვარი პროცედურებია: მსჯავრდებულთა გადაცემა სასჯელის მოხდის გაგრძელების მიზნით; ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების საზღვარგარეთ აღსრულება; უცხოური სასამართლოს განაჩენების საქართველოში აღსრულება.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა და ძებნილების მოძიება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი. 

ევროპული ინტეგრაცია

faq plus sign

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, რეგულარულად აწვდის ინფორმაციას ევროკომისიას ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მომზადების პროცესში. აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის, შეეხება კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების საქმეებზე წარმოებულ გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნას, გამოტანილ განაჩენებსა და დანაშაულებრივი ქონების მოძიებისა და ჩამორთმევის შედეგებს.

პროკურატურა ასევე, კომპეტენციის შესაბამისად, მონაწილეობს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაში. 

ამასთან, პროკურატურა თანამშრომლობს ევროკავშირის პროკურატურასთან (EPPO) და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (OLAF) ევროკავშირის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

საერთაშორისო ორგანიზაციები

faq plus sign

ევროპის საბჭო: ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურადაა წარმოდგენილი ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოში (CCPE), დანაშაულის პრობლემების კომიტეტში (CDPC), სისხლის სამართლის საქმეებზე თანამშრომლობის შესახებ ევროპული კონვენციების ექსპერტთა კომიტეტში (PC-OC), კიბერდანაშაულის კომიტეტში (T-CY) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შეფასების ექსპერტთა კომიტეტში (MONEYVAL). 2024–2025 წლებში საქართველოს პროკურატურა ჩართული იყო ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (PC-RAC) საქმიანობაში, რომელმაც შეიმუშავა ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოძიების, დაყადაღებისა, ჩამორთმევის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებითი ოქმის პროექტი.

პროკურატურა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო შეფასების მექანიზმებში, მათ შორის MONEYVAL-ისა და GRECO-ს ფარგლებში, რომლებიც ეხება საქართველოში ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

ამავდროულად, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, MONEYVAL-ის შემფასებლის სტატუსით, მონაწილეობდა ორი ქვეყნის შეფასებაში და ამჟამად ჩართულია ერთ მიმდინარე შეფასებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ სრულად შეასრულა GRECO-ს მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული ყველა რეკომენდაცია პროკურორების შესახებ (ჯამში 6), რომლებიც ეხებოდა პროკურატურის რეფორმის გაგრძელებას, პროკურატურაში საქმეთა განაწილების წესის გაუმჯობესებას, ეთიკის კოდექსის განახლებას, თანამშრომლების დანიშნვა-დაწინაურებისა და დისციპლინის სისტემის გაუმჯობესებას და თანმდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციების მექანიზმის ყველა პროკურორზე გავრცელებას. 

საქართველოს პროკურატურა ასევე აქტიურად თანამშრომლობს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასთან (CEPEJ) და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ეფექტიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობისა და საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2024 წლის ნოემბერში საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მეორე ვადით იქნა არჩეული ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის კომიტეტის (T-CY) ბიუროს წევრად. იგი კომიტეტის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა 2020 წლიდან და იყო ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ჩხრეკებისა და კიბერ სივრცეში ოპერატიული საქმიანობის სამუშაო ჯგუფების წევრი.

გაერო: საქართველოს პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის (UNTOC) და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის (UNCAC) იმპლემენტაციის შეფასების პროცესებში და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებას. 

2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურა ინტენსიურად იყო ჩართული კიბერდანაშაულის შესახებ გაეროს კონვენციის პროექტის მომზადების პროცესში (UN AHC). 2024 წლის სექტემბერში კონვენციის პროექტზე მუშაობა წარმატებით დასრულდა. მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს პრიორიტეტებს წარმადგენდა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმების დანერგვა და ადამიანის უფლებების მყარი გარანტიების არსებობა კონვენციაში. კონვენცია 2025 წელს იქნა მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.

EUROJUST

faq plus sign

EUROJUST არის ევროკავშირის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის სააგენტო. EUROJUST-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა 2019 წლის 29 მარტს.  საქართველო ორგანიზაციაში წარმოდგენილია მეკავშირე პროკურორის მიერ. 

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP)

faq plus sign

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია 1995 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს 171 ქვეყნის 172 საპროკურორო უწყებას და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში.

2026 წლის მაისში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი არჩეული იქნა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

2022 წელს საქართველოს პროკურატურამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას, ხოლო 2017 წელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მერვე რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა. 

ამჟამად პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციაში საქართველოს პროკურატურას ერთი თანამშრომელი ჰყავს მივლინებული.


საერთაშორისო ხელშეკრულებები

faq plus sign

საქართველო 11 ორმხრივი და 34 მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა, რომლებიც ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ვალდებულებებს შეიცავს ( იხილეთ ფაილი - სია).  

ერთ სახელმწიფოსთან პარაფირებულია ექსტრადიციისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხირივი ხელშეკრულებები, ხოლო ორ სახელმწიფოსთან ანალოგიურ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.