კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
ქვემდებარეობა
უკან დაბრუნებარას ნიშნავს სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობა
სისხლის სამართლის საქმის დროული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს რომელი საგამოძიებო ორგანოა უფლებამოსილი გამოიძიოს საქმე. ამ საკითხს სისხლის სამართლის პროცესში საქმის ქვემდებარეობა ეწოდება.
მარტივად რომ ვთქვათ, ქვემდებარეობა არის წესების კრებული, რომელიც განსაზღვრავს, კონკრეტულად რომელმა საგამოძიებო ორგანომ (პოლიციამ, პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ა.შ.) უნდა გამოიძიოს ესა თუ ის დანაშაული.
რისთვისაა საჭირო ქვემდებარეობის სწორად განსაზღვრა
საქმის სწორი ქვემდებარეობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი უზრუნველყოფს, რომ:
- გამოძიება იყოს სწრაფი და შედეგიანი;
- გამოძიება აწარმოოს შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ორგანომ;
- თავიდან ავიცილოთ ფუნქციების დუბლირება;
- დაცული იყოს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპი.
ვინ განსაზღვრავს საქმის ქვემდებარეობას
საქმის ქვემდებარეობა განისაზღვრება:
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით;
- პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით;
- საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით;
რის მიხედვით ისაზღვრება ქვემდებარეობა
იმისათვის, რომ გამოძიება სწორმა სუბიექტმა დაიწყოს, გამოიყენება ორი მთავარი კრიტერიუმი: უწყებრივი და ტერიტორიული ქვემდებარეობა.
უწყებრივი ქვემდებარეობა: „ვინ იძიებს საქმეს?"
ეს პრინციპი განსაზღვრავს, რომელი სახელმწიფო უწყებაა პასუხისმგებელი საქმეზე მისი შინაარსის მიხედვით.
მაგალითად: თუ დანაშაული ეხება გადასახადისაგან თავის არიდებას, მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, ხოლო თუ საქმე ეხება კიბერდანაშაულს — შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ტერიტორიული ქვემდებარეობა: „სად წარიმართება გამოძიება?"
ეს პრინციპი განსაზღვრავს, კონკრეტულად რომელ ქალაქში ან რაიონში უნდა გამოიძიონ საქმე. როგორც წესი, საქმეს იძიებს ის დანაყოფი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაული.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ადგილობრივი გამომძიებელს აქვს მეტი ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან გარემოებებზე, უფრო სწრაფად შეუძლია მოწმეების გამოკითხვა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
გამონაკლისი: თუ დანაშაული დაიწყო ერთ რაიონში და დასრულდა მეორეში, გამოძიებას ატარებს ის ორგანო, სადაც დანაშაული დასრულდა.
თუ დანაშაულის ჩადენის ადგილი უცნობია - გამოძიება იწყება იქ, სადაც დანაშაული გამოვლინდა (აღმოაჩინეს).
რომელ საგამოძიებო ორგანოებს შეუძლია აწარმოოს გამოძიება
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
როგორ ნაწილდება საქმეები
საქართველოში რამდენიმე საგამოძიებო უწყება არსებობს. აი, როგორ ნაწილდება მათ შორის საქმეები:
1. შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) იძიებს დანაშაულთა უმეტესობას ანუ ყველა დანაშაულს, გარდა იმისა, რომელიც სხვა უწყებებს შორისაა თემატურად გადანაწილებული, მათ შორის ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებს: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, კიბერდანაშაული, ჯანმრთელობის დაზიანება, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახური ძალადობა, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება და სხვა
2. საქართველოს პროკურატურა იძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, ფულის გათეთრებას, სამოხელეო დანაშაულს (დანაშაული, რომელიც ჩადენილია მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და ზოგადად ნებისმიერ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირების მიერ (მაგალითად, მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატები, მოსამართლეები, პროკურორები, ომბუდსმენი, უმაღლესი რანგის სამხედრო პირები და სხვა)
3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) იძიებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დანაშაულს: ტერორიზმს, სახელმწიფო ღალატს, ჯაშუშობას, მაღალი დონის კორუფციულ დანაშაულებს.
4. თავდაცვის სამინისტრო იძიებს სამხედრო პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს ან დანაშაულს, რომელიც ჩადენილია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
5. ფინანსთა სამინისტრო იძიებს საფინანსო და ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, მაგალითად, როგორიცაა გადასახადებისათვის თავის არიდება, კონტრაბანდა, კრედიტის უკანონოდ მიღება, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება, საავტორო უფლებების დარღვევა, სამეწარმეო სფეროში ჩადენილი დანაშაულები, ყალბ ფულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებები, უაქციზო საქონლის ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულები, პროდუქტის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული დანაშაულები, მითვისება ან გაფლანგვა.
6. იუსტიციის სამინისტრო იძიებს მის სისტემაში დასაქმებული პირის მიერ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს და სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს.
შეიძლება თუ არა ერთი საქმე გამოიძიოს რამდენიმე უწყებამ
ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიების პროცესში შეიძლება ჩართული იყოს რამდენიმე საგამოძიებო ორგანო. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქმე დაკავშირებულია: სხვადასხვა ტიპის დანაშაულთან, სხვადასხვა უწყების კომპეტენციასთან ან მოცულობითია
ამ პროცესს კოორდინირებას უწევს საქართველოს პროკურატურა.
ვის მივმართოთ დანაშაულის დროს
თქვენ არ გევალებათ ზუსტად იცოდეთ, ვისი ქვემდებარეობაა კონკრეტული შემთხვევა. შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს ან დარეკოთ 112-ზე.
დახარისხება: კანონის თანახმად, უწყება ამოწმებს, მის კომპეტენციაშია თუ არა საქმე.
გადამისამართება: თუ საქმე სხვა უწყებას/რაიონს ეკუთვნის (ანუ სხვისი ქვემდებარეა), მასალები სწორ ადრესატს გადაეგზავნება უმოკლეს ვადებში.
ინფორმირება: თქვენ აუცილებლად გეცნობებათ, რომელ უწყებაში გადაიგზავნა თქვენი საქმე.
რა როლი აქვს პროკურორს საქმის ქვემდებარეობის საკითხთან დაკავშირებით?
პროკურორი:
- საპროცესო ხელმძღვანელობას უწევს გამოძიებას. პროკურორი არ არის გამომძიებელი. საქმის გამოძიების ვალდებულება ეკისრება გამომძიებელს;
- უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების დაცვას;
- იღებს გადაწყვეტილებებს საქმის ქვემდებარეობის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს რომელი ორგანო გააგრძელებს გამოძიებას.
ხშირად დასმული კითხვები
|
კითხვა |
პასუხი |
|
თუ დანაშაული ინტერნეტით მოხდა, სად უნდა მივიდე? |
კიბერდანაშაულის შემთხვევაში, ტერიტორიული ქვემდებარეობა განისაზღვრება იმ ადგილით, სადაც დაზარალებული იმყოფება ან სადაც დანაშაულებრივი შედეგი დადგა. მიმართეთ უახლოეს პოლიციის განყოფილებას. |
|
შეიძლება თუ არა, რომ ჩემი საქმე ერთი რაიონიდან მეორეში გადაიტანონ? |
დიახ, თუ გამოძიების ინტერესები (მაგ: აღმოჩნდა, რომ დანაშაული სხვა ადგილას მოხდა) ამას მოითხოვს, პროკურატურას შეუძლია შეცვალოს ტერიტორიული ქვემდებარეობა. |
|
რა ხდება, თუ დანაშაული რამდენიმე რაიონშია ჩადენილი? |
ასეთ დროს საქმეს ჩვეულებრივ იძიებს ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დანაშაული დასრულდა ან ჩადენილია ყველაზე მძიმე ეპიზოდი. |
|
ვინ აკონტროლებს, რომ ქვემდებარეობა არ დაირღვეს? |
ამ პროცესს ზედამხედველობს პროკურატურა. პროკურორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საქმეს სწორი უწყება და სწორი ტერიტორიული ორგანო იძიებს. |
|
რა ვქნა თუ მინდა საქმე გამოიძიოს პროკურატურამ |
პროკურატურა საქმეს იძიებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. თუ თქვენი საქმის გამოძიება სხვა უწყების ქვემდებარეა, საქმეს ვერ გამოიძიებს პროკურატურა და თქვენს მიმართვას გამოძიების სტრუქტურის ცვლილებაზე გადაუგზავნის იმ უწყებას, რომელიც ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებს გამოძიებას |