კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
საპროცესო შეთანხმება
უკან დაბრუნებაზოგადი ინფორმაცია საპროცესო შეთანხმების შესახებ
საპროცესო შეთანხმების მიზანია სამართალწარმოების სწრაფად დასრულება, რაც არ ნიშნავს ვინმესთვის დანაშაულის პატიებას და დამნაშავის სასჯელის გარეშე დატოვებას.
საპროცესო შეთანხმებისათვის აუცილებელია:
-ბრალდებულმა აღიაროს დანაშაული;
-დაეთანხმოს პროკურორის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს;
-არ მოითხოვოს სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა (მაგ: მოწმეების დაკითხვა, ექსპერიზის შედეგების დეტალური განხილვა და ა.შ);
თუ ბრალდებული ამ პირობებზე თანახმაა პროკურორი შესთავაზებს იმაზე უფრო მსუბუქ პირობებს და სასჯელს, რასაც სასამართლო მიუსჯიდა სისხლის სამართლის საქმე არსებითად რომ განეხილა.
რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმება მოკლე დროში სასამართლო განხილვის დასრულების და მსუბუქი სასჯელის მიღების შესაძლებლობაა.
შეთანხმებას ერთობლივად ადგენენ პროკურორი და ბრალდებული, მის ადვოკატთან ერთად.
საპროცესო შეთანხმების ოქმს, შუამდგომლობასთან ერთად, პროკურორი აგზავნის სასამართლოში.
სასამართლო სხდომაზე, მათი მონაწილეობით ამოწმებს, რატომ და რა პირობებზე შეუთანხმდა ბრალდებული პროკურორს, რა უფლებებზე თქვა ნებაყოფლობით უარი და როდესაც დარწმუნდება, რომ ადვოკატმა მას გაუწია კონსულტაცია და საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორთან ნებაყოფლობით შეთანხმდა, გამოაქვს განაჩენი, რომლითაც დანაშაულის ჩამდენს ცნობს დამნაშავედ და უნიშნავს ზუსტად ისეთ მსუბუქ სასჯელს, როგორზეც მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ.
ვის შეიძლება გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაუფორმდეს როგორც ბრალდებულს, ასევე მსჯავრდებულს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა და სქესისა.
ბრალდებული შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
ბრალდებული შეიძლება იყოს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი.
ბრალდებული შეიძლება იყოს როგორც პატიმარი (საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი ან სხვა საქმეზე თავისუფლებაღკვეთილი), ასევე თავისუფლებაზე მყოფი პირი.
ბრალდებულს შეიძლება ჰქონდეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება ან იყოს მის გარეშე;
ბრალდებული შეიძლება იყოს წარსულში ნასამართლევი ან განრიდებული.
რომელ დანაშაულზე შეიძლება გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ნებისმიერ დანაშაულზე, მიუხედავად იმისა ნაკლებად მძიმე, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა პირმა.
მნიშვნელობა არ აქვს სასჯელის რა სახეს და ზომას ითვალისწინებს დანაშაული, რომელზეც ფორმდება საპროცესო შეთანხმება.
რომელ ეტაპზე შეიძლება გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს:
-საქმის სასამართლოში გადაგზავნამდე - გამოძიების ეტაპზე;
-სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას (პირველი ინსტანცია, აპელაცია, კასაცია);
-სასამართლოში საქმის განხილვის ყველა ეტაპის დასრულების შემდგომ (გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული თანამშრომლობისას).
სასჯელის რომელ სახეზე შეიძლება გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს სასჯელის ნებისმიერ სახეზე, როგორც საპატიმროზე, ასევე არასაპატიმროზე, მიუხედავად მინიმალური და მაქსიმალური სასჯელის ზომისა (მათ შორის, ფორმდება იმ დანაშაულებზეც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას).
ასევე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ ზღუდავს შემდეგი გარემოებები:
-აღკვეთის რომელი ღონისძიება აქვს შერჩეული ბრალდებულს;
-სასჯელის რომელი სახე აქვს შერჩეული მსჯავრდებულს;
-იყო თუ არა ბრალდებული/მსჯავრდებული ნასამართლევი წარსულში;
-არის თუ არა ბრალდებული/მსჯავრდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ;
-იყო თუ არა ბრალდებული/მსჯავრდებული წარსულში განრიდებული ან შეწყალებული;
-არის თუ არა სხვა საქმეზე ბრალდებული;
-სურს თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმება სხვა თანამონაწილეებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
როგორია საპროცესო შეთანხმების პირობები
შეთანხმებისას მიღწევის მთავარი პირობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებაა.
დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, პროკურორი ბრალდებულს/მსჯავრდებულს სთავაზობს:
-უფრო მსუბუქ სასჯელს ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას;
-რამოდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბრალდების შემსუბუქებას ან ნაწილობრივ მოხსნას.
შესაძლებელია, პროკურორი და ბრალდებული დამატებით ასევე შეთანხმდნენ:
-რომელიმე დანაშაულთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე;
-დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობაზე.
ზიანის ანაზღაურებაზე შეთანხმებისას, წინასწარ განსაზღვრული ვადის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევა ითვლება შეთანხმების დარღვევად და პროკურორს შეუძლია სასამართლოს მოსთხოვოს განაჩენის და დანიშნული სასჯელის გაუქმება.
იგივე წესი მოქმედებს თანამშრომლობაზე შეთანხმების დარღვევისას.
თუმცა, განაჩენის გაუქმების უფლება შეზღუდულია ვადით, კერძოდ თუ მსჯავრდებული დაარღვევს საპროცესო შეთანხმების პირობას (ზიანის ანაზღაურების ან თანამშრომლობის), პროკურორი დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაშია უფლებამოსილი მოითხოვოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმება.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის აქტიური თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა მნიშვნელოვანი დანაშაული ან იგი ამხელს მაღალი თანამდებობის პირს, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უკვე დანიშნული სასჯელის მოხდისგან მისი სრულად გათავისუფლება ან სასჯელის შემსუბუქება. ასეთ შემთხვევაში, მსჯავრდებულის საქმის განხილვა შესაძლებელია დასრულებული იყოს სამივე ინსტანციის სასამართლოშიც და მიუხედავად აღნიშნულისა, იგი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან ან შეუმსუბუქდეს სასჯელი.
რა უნდა იცოდეს ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების დადებისას
საპროცესო შეთანხმების ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც ბრალდებული/მსჯავრდებული, ისე პროკურორი.
შეთავაზების დაწყებიდან ამ პროცესის დასრულებამდე, აუცილებელია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჰყავდეს ადვოკატი.
საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების არსებობა.
პროკურორი ვალდებულია აუხსნას ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, არ მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლოში, რაც ნიშნავს მოწმეების/დაზარალებულის დაკითხვაზე, ასევე ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების განხილვაზე ბრალდებულის მიერ საკუთარი ნებით უარის თქმას.
საპროცესო შეთანხმების დადება არ ნიშნავს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აღარ მოუწევს სამოქალაქო და სხვა წესით პასუხისმგებლობა, მაგალითად: აღარ აანაზღაურებს ზიანს. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში, ამ ზიანის ანაზღაურება ეკისრება სახელმწიფოს.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ირგვლივ წერილობით დააფიქსირონ მოსაზრებები და შენიშვნები.
საპროცესო შეთანხმების პროცესი ღიაა ყველასთვის, გარდა დოკუმენტების იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობისას მიწოდებული ინფორმაცია. მისი გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ დოკუმენტებზე ხელმომწერ პირებს, სასამართლოს და იმ ბრალდებულს/მსჯავრდებულს (მის ადვოკატს), რომლის წინააღმდეგაც მიწოდებულია ეს მამხილებელი ინფორმაცია.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე, რასაც არ სჭირდება მისი ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ უარის თქმა დაუშვებელია.
თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს განაცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე ან სასამართლო არ დაამტკიცებს ამ შეთანხმებას, დაუშვებელია მისი ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
გახსოვდეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს განაცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე ან სასამართლო არ დაამტკიცებს ამ შეთანხმებას, ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია სამომავლოდ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების ხელახლა წარმოება.
რა უფლებები აქვს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადებისას
პროკურორი ვალდებულია, შეთანხმების დადებამდე დაზარალებულს აცნობოს (უშუალოდ ან დისტანციურად) შეთანხმების შინაარსი და შეადგინოს ოქმი. დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინება არ არის სავალდებულო.
დაზარალებულს უფლება აქვს, მოსამართლეს მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის მიყენებული ზიანის შესახებ.
საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება და გამოტანილი განაჩენი.
როგორია საპროცესო შეთანხმების დადების პროცედურა
საპროცესო შეთანხმების დადებისთვის აუცილებელია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის თანხმობა და ადვოკატის უშუალო მონაწილეობა.
საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების წარდგენა.
საპროცესო შეთანხმების ოქმი დგება წერილობით და ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი და პროკურორი. სავალდებულოა,ზემდგომი პროკურორის წინასწარი წერილობითი თანხმობაც, როემლიც ფორმდება საპროცესო შეთანხმების ოქმზე ხელმოწერით.
შეთანხმების ოქმის ხელმოწერის შემდეგ, მისი დამტკიცების და განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით პროკურორი მიმართავს სასამართლოს.
მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან (შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით)
სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, სათათბიროში გასვლამდე, გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.
როგორ განიხილება საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა
შუამდგომლობას განიხილავს, ამტკიცებს და განაჩენი გამოაქვს სასამართლოს.
შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს მტკიცებულებების საკმარისობას, მოთხოვნილი სასჯელის კანონიერებას და სამართლიანობას. შეთანხმების დამტკიცებამდე, სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:
-შეთანხმება დაიდო წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
-ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალდებას, აცნობიერებს რა დანაშაულისთვის ედება ბრალი და რა სასჯელი შეიძლება შეეფარდოს;
-ბრალდებული/მსჯავრდებული აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს საპროცესო შეთანხმებას და რომ იგი ჩაითვლება ნასამართლევად;
-ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიიღო ადვოკატისგან კვალიფიციური იურიდიული დახმარება;
-ბრალდებული/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი იცნობენ საქმის მასალებს;
-წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად;
-მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის განხილვისას
სასამართლოს შეუძლია:
-გამოიტანოს განაჩენი და ბრალდებული/მსჯავრდებული სცნოს დამნაშავედ;
-არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება და დაუბრუნოს საქმე პროკურორს;
-არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება და განაგრძოს საქმის არსებითი განხილვა.
როგორ საჩივრდება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი
მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში, ზემდგომ სასამართლოში მოითხოვოს მისი გაუქმება, თუ:
-საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;
-ბრალდებულს შეეზღუდა ადვოკატის ყოლის უფლება ან/და მასთან კომუნიკაცია;
-საპროცესო შეთანხმება დაიდო საკმარისი მტკიცებულებების გარეშე.
თუ საპროცესო შეთანხმება დადებულია ზიანის ანაზღაურების ან თანამშრომლობის პირობაზე, წინასწარ განსაზღვრული ვადის/პირობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევა ითვლება შეთანხმების დარღვევად და პროკურორს შეუძლია სასამართლოს მოსთხოვოს განაჩენის და დანიშნული სასჯელის გაუქმება დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენის ასლის მიღება
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე გამოტანილი განაჩენის ასლის მიღების უფლება, გამოტანიდან 3 დღის ვადაში აქვს:
-მსჯავრდებულს;
-მსჯავრდებულის ადვოკატს;
-პროკურორს;
-მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის დამმუშავებელ პირს.
ნასამართლობა, ამნისტია და შეწყალება საპროცესო შეთანხმების დროს
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენით ბრალდებული ითვლება მსჯავრდებულად და ნასამართლევად გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან (გამოცხადებისთანავე) ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
ეს მსჯავრდებული, ზოგადი წესის შესაბამისად სარგებლობს შეწყალების უფლებით და ამნისტიით.