კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სავალდებულო დაცვა
უკან დაბრუნებასავალდებულო დაცვა
რას ნიშნავს სავალდებულო დაცვა
გამოძიების და სასამართლოში საქმის განხილვისას გამომძიებლის, პროკურორის და მოსამართლის მიერ სავალდებულოა დაცული იყოს პროცესში მონაწილე პირების (ბრალდებული, მოწმე, დაზარალებული და სხვა) უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს კონკრეტულ პირობებს, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს/გამართლებულს სავალდებულოა ჰყავდეს ადვოკატი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე და 46-ე მუხლში პირდაპირაა მითითებული შემთხვევები, როდესაც გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს ევალება დანიშნოს ადვოკატი. იმავე წესს ითვალისწინებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიც.
როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის საჭიროება, გამოძიებაში და სასამართლოში, სამართლებრივი მოქმედებები ბრალდებულთან უნდა ჩატარდეს ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩატარებულ მოქმედებას იურიდიული ძალა არ ექნება.
ვინ არის სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი
სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი არის საზოგადოებრივი ადვოკატი - იურიდიული დახმარების ბიუროს/მიმწოდებლის ადვოკატი ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც სამართლებრივ საკითხებში დახმარებას უწევს ბრალდებულს, გამართლებულს, მსჯავრდებულს.
დამოუკიდებულია თუ არა სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი
სავალდებულო წესით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი საქმიანობს დამოუკიდებლად და მიუხედავად იმისა, რომ მას ანაზღაურებას უხდის სახელმწიფო, ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც ბრალდებულის მიერ შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი. დაუშვებელია მის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, მასზე ზემოქმედება და მუქარა.
როგორია იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციები და დამოუკიდებლობა
იურიდიული დახმარების სამსახური საქმიანობს დამოუკიდებლად, დახმარების საჭიროების მქონე პირს უწევს იურიდიულ კონსულტაციას და სამართლებრივ დახმარებას.
სამსახური არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
დაუშვებელია სამსახურის საქმიანობაში ჩარევა და ზემოქმედება.
ვინ არის სავალდებლო დაცვის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი
როდესაც გამოძიებაში ან სასამართლოში სავალდებულოა ადვოკატის ყოლა, მოწმეს/ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ჰყავდეს მის მიერ შერჩეული ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). მას მიეცემა გონივრული დრო, რომ შეარჩიოს და წარმოადგინოს მისთვის სასურველი ადვოკატი/ადვოკატები. თუ გონივრულ დროში არ წარმოდგენს ადვოკატს, მაშინ ის დაენიშნება სახელმწიფოს ხარჯზე.
გამოძიების ეტაპზე ადვოკატს ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ხოლო სასამართლოში - მოსამართლე (თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით).
იურიდიული ბიუროსთვის ადვოკატის დასანიშნად მიმართვის უფლება აქვს თავად ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს ან მის წარმომადგენელს ან/და ახლო ნათესავს.
იურიდიული დახმარების ბიუროს უარი, საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნაზე შეიძლება გასაჩივრდეს ამავე სამსახურის დირექტორთან, ხოლო ამ უკანასკნელის უარი - სასამართლოში.
რა შემთხვევაშია სავალდებულო ადვოკატის დანიშვნა
როგორ ენიშნება გადახდისუუნარო ბრალდებულს სავალდებულო წესით ადვოკატი
გადახდისუუნარო ბრალდებულისთვის ადვოკატის დანიშვნა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით.
იმისათვის, რომ გადახდისუუნარო ბრალდებულს დაენიშნოს ადვოკატი, აუცილებელია ერთობლივად არსებობდეს შემდეგი გარემოებები:
-რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;
-სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი/სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები უნდა იყოს 70 000-ზე;
-თავად უნდა ითხოვდეს/სურვილი ჰქონდეს დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
-იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
-ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია;
-18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია;
-მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირია;
-მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
-18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვია;
-რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირია.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგ პირებზე:
-პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
-პირები, რომელთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობით;
-მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული პირები;
-მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
-პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
-ასაკით პენსიონერი;
-იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი / ადვოკატის ოჯახის წევრი/ახლო ნათესავი;
-მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
-სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
-საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის ,,კათარზისის’’ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.
როგორ ენიშნება სავალდებულო წესით ადვოკატი ოჯახური ძალადობის დაზარალებულს
ოჯახში ჩადენილი ძალადობის საქმეზე (თუ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით ან/და 1261 მუხლით) დაზარალებული პირები, რომლებიც მიიჩნევიან გადახდისუუნაროდ, სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ მათ არ ჰყავთ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
თუ ოჯახური ძალადობის საქმეზე დაზარალებული არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ და საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი, უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებს, როდესაც იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში:
-მისი წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს;
-ბანკში მის ანგარიშზე არსებული თანხა, ცნობის გაცემის დროისათვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო 90 დღის განმავლობაში ამ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატებოდა 1500 ლარს (სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ანგარიშის არსებობისას თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა);
-ასევე, როდესაც პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.