კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა
უკან დაბრუნებაშესავალი
საქართველოს პროკურატურა, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მსხვერპლთან სწორი კომუნიკაცია და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა, მათ შორის, მისი უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმირება.
ოჯახური დანაშაულის საქმეებზე პროკურატურის სისტემაში დანერგილია სპეციალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სათანადოდ გადამზადებული პროკურორები ახორციელებენ.
გზამკვლევში წარმოდგენილია ინფორმაცია ოჯახური დანაშაულის დეფინიციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურების, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებისა და მისი მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ. ასევე, განმარტებულია მართლმსაჯულების პროცესში ჩართული პირების ფუნქციები, რაც, საერთო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ დაზარალებულს სწორ მოლოდინებს უჩენს.
წინამდებარე გზამკვლევი დაეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების და მსხვერპლის მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მარტივად მიღებაში.
რა არის ოჯახური დანაშაული
2012 წლის 12 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრა პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულის და ოჯახში ძალადობისთვის.
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენას, როგორიც არის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 126-ე (ძალადობა), 1331 (სტერილიზაცია თანხმობის გარეშე), 1332 (ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება), 137-ე (გაუპატიურება), 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), 139-ე (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება), 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), 141-ე (გარყვნილი ქმედება), 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144-ე (მძევლად ხელში ჩაგდება), 1441 (წამება), 1442 (წამების მუქარა), 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 149-ე (ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება), 150-ე (იძულება), 1501 (ქორწინების იძულება), 151-ე (მუქარა), 1511 (ადევნება), 160-ე (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა), 171-ე (არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში), 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება), 253-ე (პროსტიტუციაში ჩაბმა), 254-ე (პროსტიტუციის ხელშეწყობა), 255-ე (პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება), 2551 (არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში), 3811 (შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა/არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა), 3812 (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა) მუხლები, ასევე, 1261 (ოჯახში ძალადობა) მუხლი.
ვინ ითვლება ოჯახის წევრად
სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს პირთა წრეს, რომლებიც წარმოადგენენ ოჯახის წევრებს. კანონმდებლობის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ვინ არის ოჯახური დანაშაულის დაზარალებული
ოჯახური დანაშაულის დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც ოჯახის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან/და ქონებრივი ზიანი, ანუ პირი, რომელმაც განიცადა ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობა ან იძულება.
ოჯახური დანაშაულის საქმეზე დაზარალებულად ასევე მიიჩნევა ოჯახური დანაშაულის შემსწრე ბავშვი, ვინაიდან ოჯახში ძალადობის შედეგად განცდილი ფსიქოლოგიური ტრავმის გამო მას ადგება მორალური ზიანი.
ოჯახური დანაშაულის დაზარალებული შესაძლებელია იყოს როგორც მდედრობითი, ასევე, მამრობითი სქესის პირი.
ოჯახური დანაშაულის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ქალები და ბავშვებია.
ვინ შეიძლება იყოს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირი (მოძალადე)
ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირი არის მოძალადე, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ ახორციელებს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას.
ოჯახური დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება 14 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ პირს. გამონაკლისს წარმოადგენს 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) და 141-ე (გარყვნილი ქმედება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელიც შესაძლოა ჩაიდინოს მხოლოდ სრულწლოვანმა (18 წლის ასაკს მიღწეულმა) პირმა.
რა სახის ქმედება წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. მას ახასიათებს განგრძობადი და ფარული ხასიათი. აღნიშნული დანაშაულის სპეციფიკურობა გამოიხატება აგრეთვე იმაში, რომ ძალადობა ხორციელდება ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
· ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
· ფსიქოლოგიური ძალადობა არის მუქარა, აგრეთვე, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
· იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
· სექსუალური ძალადობა არის პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით;
· პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით; სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში; გარყვნილი ქმედება.
რომ შევაჯამოთ, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური, სექსუალური ანდა სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც, როგორც წესი, მსხვერპლზე ძალაუფლების ანდა კონტროლის მოპოვების მიზნით ხორციელდება.
მსხვერპლთა დაცვის რა მექანიზმები არსებობს
არსებობს მსხერპლთა დაცვის ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები.
ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ან ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით. ასეთ დროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გამოიცემა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
სისხლისსამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ქალის მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ასეთ დროს შესაძლო დანაშაულის ფაქტზე იწყება გამოძიება და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოძალადის მიმართ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. გამოძიების დაწყებასთან ერთად, ასევე, შესაძლებელია გამოიცეს შემაკავებელი ორდერიც.
სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად.
რა არის შემაკავებელი ორდერი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის მიზნით, შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. შემაკავებელი ორდერი მოძალადეს უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს და შეიძლება ითვალისწინებდეს:
- მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან მოძალადის გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
- მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის (მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის) მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
- მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
- მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს;
- მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების საკითხს;
- ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს;
- ორდერის მოქმედების პერიოდში ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისთვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მისი შეძენისთვის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
- მოძალადის გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
- სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მსხვერპლის ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს შემაკავებელი ორდერის გამოცემას და არ იწვევს შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.
გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას ზედამხედველობს პოლიცია.
მოძალადის მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს მოძალადის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელს შეუძლია მსხვერპლის დაცვის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა, არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება შესაძლებელია, როდესაც არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა, ხოლო, თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია, ასევე, მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში, მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება გაუქმდეს მსხვერპლის მოთხოვნით, ასევე, ვითარების შეცვლის გამო, როდესაც შეცვლილი ვითარება გამორიცხავს განმეორებით ძალადობას.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დარღვევა ან მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს მოძალადის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
რა არის დამცავი ორდერი
დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
დამცავი ორდერი გამოიცემა 9 თვემდე ვადით და მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მსხვერპლის ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი ორდერის გამოცემას და არ იწვევს დამცავი ორდერის მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.
გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას ზედამხედველობს პოლიცია.
მოძალადის მხრიდან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
აღსანიშნავია, რომ თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე, დამცავი ან შემაკავებელი ორდერით განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
რას გულისხმობს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შესაძლოა დაწესდეს როგორც იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, აგრეთვე, შემაკავებელი და დამცავი ორდერით.
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა გულისხმობს მოძალადისთვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მისი შეძენისთვის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) დროებით ჩამორთმევას.
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი გამოიცემა არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისას, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოძალადეს არ გააჩნია პირად საკუთრებაში არსებული ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღი. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით.
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით მოძალადეს:
ა) ეკრძალება იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღება;
ბ) ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) დროებით ჩამოერთმევა იარაღი, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
გარდა აღნიშნულისა, მოძალადეს იარაღთან დაკავშირებული უფლებები შეიძლება შეეზღუდოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერითაც. მოძალადეს დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით, აგრეთვე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით შეიძლება აეკრძალოს პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ასევე, შეეზღუდოს ან აეკრძალოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება.
დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს შესაძლოა ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდოს ან ჩამოერთვას გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას ზედამხედველობს პოლიცია.
როგორ ხდება ოჯახურ დანაშაულზე რეაგირება
ოჯახური დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს შესაძლოა შეატყობინოს თავად დაზარალებულმა, მისმა ახლობელმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა.
დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული.
ოჯახური დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება.
გამოძიების დაწყებისთანავე, განისაზღვრება სისხლის სამართლის საქმეზე ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და მათი ჩატარების თანმიმდევრობა. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის მზაობა სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს.
გამოძიების ეტაპზე, დაზარალებულის მონაწილეობით ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მაგალითად, ხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მისგან საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ნივთების ამოღება, მისთვის ექსპერტიზის ჩატარება და ა.შ.
სათანადო მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში პროკურორი დანაშაულის ჩამდენ პირს ცნობს ბრალდებულად.
ვისთან მოუწევს დაზარალებულს კომუნიკაცია სამართალწარმოების პროცესში და როგორია ამ პირთა ფუნქციები
კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ პირთა ფუნქცია-მოვალეობებს, რომლებიც მონაწილეობენ სამართალწარმოების პროცესში და რომლებთან კომუნიკაციაც შესაძლოა მოუწიოს ოჯახური დანაშაულის დაზარალებულს.
გამომძიებელი
ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე გამომძიებელი იწყებს გამოძიებას, რის შემდეგაც აგროვებს ინფორმაციას და მოიპოვებს მტკიცებულებებს.
გამოძიების მიმდინარეობისას, დაზარალებულს ყველაზე აქტიური კომუნიკაცია სწორედ გამომძიებელთან აქვს. მათ შორის, ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, როგორიცაა: დაზარალებულის გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნიმუშის აღება და ა.შ. გამომძიებელი, პროკურორის დავალებით, დაზარალებულს აცნობს დადგენილებას მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ და განუმარტავს უფლება-მოვალეობებს. ასევე, არასრულწლოვან მსხვერპლს/დაზარალებულს ამისამართებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, მისი საჭიროებების შეფასებისა და მასზე ზრუნვის მიზნით.
პროკურორი
პროკურორი ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას. საჭიროების შემთხვევაში, გამომძიებელს აძლევს მითითებას საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ. შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, ძალადობის მსხვერპლს ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს, რის შემდეგაც დაზარალებულს აცნობს მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილებას და განუმარტავს უფლება-მოვალეობებს ან აღნიშნულს ავალებს გამომძიებელს. საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდგომ, პროკურორი დანაშაულის ჩამდენ პირს ცნობს ბრალდებულად. საქმის სასამართლოში წარმართვის შემდგომ პროკურორი მონაწილეობს საქმის განხილვაში, მათ შორის, წარადგენს ბრალდების მტკიცებულებებს, მხარს უჭერს ბრალდებას და ითხოვს პირის დამნაშავედ ცნობას. პროკურორი საქმის სასამართლოში განხილვისას იცავს დაზარალებულის უფლებებს და მოქმედებს მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი არის პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც საქმეში ერთვება გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილებით, თუ დაზარალებული აღნიშნულზე თანხმობას აცხადებს. კოორდინატორი არის დაზარალებულის მხარდამჭერი. იგი დაზარალებულს უმარტივებს სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობას, ეხმარება დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირებაში, ცდილობს თავიდან აარიდოს სტრესი, რომელიც შესაძლოა დაზარალებულმა მიიღოს სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის შედეგად, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე აწვდის ინფორმაციას სამართალწარმოების პროცედურების, საქმის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, გასაგები ენით განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს. დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, მისი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, კოორდინატორი შესაძლოა დაესწროს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ასევე, სასამართლოში დაკითხვას. კოორდინატორი დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება შესაბამის ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.
ფსიქოლოგი
თუ დაზარალებული არასრულწლოვანია, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორი ან გამომძიებელი საქმეში რთავს ფსიქოლოგს. ფსიქოლოგი აფასებს ბავშვის საჭიროებებს, ადგენს ბავშვი არის თუ არა მზად საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად და უზრუნველყოფს არასრულწლოვნის ემოციურ მხარდაჭერას.
კანონიერი წარმომადგენელი
თუ დაზარალებული არასრულწლოვანია, სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობს მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იყოს არასრულწლოვნის მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, ასევე, მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი.
კანონიერი წარმომადგენელი იცავს ბავშვის ინტერესებს და ესწრება არასრულწლოვანთან ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. არასრულწლოვნის ინტერესებისა და მისი სურვილის გათვალისწინებით, კანონიერი წარმომადგენლის ნაცვლად საქმეში შესაძლოა ჩაერთოს საპროცესო წარმომადგენელი.
საპროცესო წარმომადგენელი
თუ არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად საქმეში ვერ ერთვება კანონიერი წარმომადგენელი, მას ანაცვლებს საპროცესო წარმომადგენელი, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი - სოციალური მუშაკი. საპროცესო წარმომადგენელი შესაძლოა იყოს ბავშვისათვის სანდო სხვა პირი, მაგალითად დეიდა, ბიძა, პედაგოგი, ნათლია და სხვა. საპროცესო წარმომადგენლად სხვა სანდო პირის დანიშვნისას ყოველთვის გაითვალისწინება არასრულწლოვნის მოსაზრება და მისი ინტერესები.
ადვოკატი
არასრულწლოვანი დაზარალებულის დაცვა სავალდებულოა. ეს ნიშნავს, რომ თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ მოწვეული ადვოკატი, მას ადვოკატი დაენიშნება სახელმწიფოს ხარჯზე.
სრულწლოვან დაზარალებულს ასევე შეუძლია ნებისმიერ დროს თავად აიყვანოს ადვოკატი, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს. ოჯახური დანაშაულის სრულწლოვან მსხვერპლს კანონი შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით, თუ იგი გადახდისუუნაროა და ამასთან, საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). თუ სრულწლოვანი დაზარალებული არ მიიჩნევა გადახდისუუნარო პირად, იგი უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და აკმაყოფილებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს (მუხლი 5, ნაწილი 26; მუხლი 61).
მოსამართლე
დანაშაულის ჩამდენი პირისთვის ბრალის წარდგენისა და გამოძიების დასრულების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე განსახილველად იგზავნება სასამართლოში, სადაც მხარეები (ბრალდების მხარე - პროკურორი; დაცვის მხარე - ბრალდებული და მისი ადვოკატი) მოსამართლეს წარუდგენენ საკუთარ პოზიციებს და ამ პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მტკიცებულებათა განხილვის და შეჯამების შედეგად მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას - გამოაქვს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი.
რა უფლებები აქვს დაზარალებულს
მას შემდეგ, რაც პროკურორი გამოიტანს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, ის იძენს მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს.
კანონმდებლობის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულს უფლება აქვს:
- მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;
- იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;
- მიიღოს ინფორმაცია მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველ წარდგენაზე; წინასასამართლო სხდომაზე; სასამართლოს მთავარ სხდომაზე; საპროცესო შეთანხმების განხილვის სასამართლო სხდომაზე;
- უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;
- პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში;
- მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
- დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;
- მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
- მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;
- მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;
- წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს;
- მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ;
- საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;
- მოითხოვოს სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით, პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი და ა.შ.;
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით მიიღოს დაზარალებულის კომპენსაცია;
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით;
- ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
- გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დანაშაულის ჩამდენი პირისგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დროებით გასვლის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლთან გასაუბრების ოქმს, სადაც მან უნდა მიუთითოს მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებამდე უფლება აქვს:
- დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ხოლო, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით - პოლიციას. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით;
- შემაკავებელი ორდერის გამოცემისას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება;
- უფასოდ ისარგებლოს მხარდაჭერის მომსახურებებით/პროგრამებით, აგრეთვე, თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მისი მომსახურებებით;
- თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით;
რა შემთხვევაში სარგებლობს დაზარალებული უფასო იურიდიული დახმარების უფლებით
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად მიიჩნევა, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო აღნიშნული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი
ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და ამ კანონით დადგენილი წესით დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
- იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში პირის, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა შესაბამისი ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა;
- პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე.
რა სერვისები არსებობს ოჯახური დანაშაულის მსხვერპლისთვის
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, რომლებიც მხარდაჭერის მომსახურებებს აწვდიან, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
თავშესაფარში ჩარიცხვას ექვემდებარება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად). დამოკიდებულ პირად ითვლება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის 18 წლამდე ასაკის შვილი, ასევე პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული.
თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:
- სადღეღამისო საცხოვრისი (თავშესაფარი);
- ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია;
- სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
- სამართლებრივი დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება.
ქვეყნის მასშტაბით ძალადობის მსხვერპლთათვის მოქმედებს 6 თავშესაფარი: თბილისში (2 თავშესაფარი), შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, რომელთა მისამართები კონფიდენციალურია.
რაც შეეხება კრიზისულ ცენტრს - ეს არის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი, დღის მომსახურების დაწესებულება, რომელიც მსხვერპლს ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ძალების აღდგენაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით კრიზისული ცენტრი, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას.
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში ჩარიცხვას ექვემდებარება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ხასიათის ძალადობის (შემდგომში ძალადობის) მსხვერპლი/დაზარალებული/სავარაუდო მსხვერპლი (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად).
კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (მასზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:
- ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება;
- სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღებაში მხარდაჭერა;
- სამართლებრივი დახმარება/წარმომადგენლობა;
- საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება.
ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 7 კრიზისული ცენტრი. კერძოდ:
თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი (სადღეღამისო საცხოვრისით), სამუშაო საათები (დღის მომსახურების სერვისები) 09:00 - 18:00 სთ (სამუშაო დღეებში). ცხელი ხაზი - 116 006.
ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე), სამუშაო საათები 09:00 - 18:00 სთ (სამუშაო დღეებში). ცხელი ხაზი - 116 006.
გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე), სამუშაო საათები 09:00 - 18:00 სთ (სამუშაო დღეებში). ცხელი ხაზი - 116 006.
მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე), სამუშაო საათები 09:00 - 18:00 სთ (სამუშაო დღეებში). ცხელი ხაზი - 116 006.
ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე), სამუშაო საათები 09:00 - 18:00 სთ (სამუშაო დღეებში). ცხელი ხაზი - 116 006.
ზუგდიდის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე), სამუშაო საათები 09:00 - 18:00 სთ (სამუშაო დღეებში). ცხელი ხაზი - 116 006.
თელავის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე), სამუშაო საათები 09:00 - 18:00 სთ (სამუშაო დღეებში). ცხელი ხაზი - 116 006.
თბილისში ასევე ფუნქციონირებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრი (ე.წ. ბარნაჰუსი), რომელიც უზრუნველყოფს სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალურ მომსახურებას (მოკლე და გრძელვადიანი რეაბილიტაცია).
ვის და რა გზით შეიძლება მიმართოს ოჯახური დანაშაულის მსხვერპლმა
სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოძიება გზამკვლევში წარმოდგენილ საკითხებზე
წყაროები, სადაც შეგიძლია მოიძიო დამატებითი ინფორმაცია გზამკვლევში წარმოდგენილ საკითხებზე:
- სისხლის სამართლის კოდექსი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=286
- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი - https://matsne.gov.ge/document/view/90034?publication=172
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი -https://matsne.gov.ge/ka/document/view/2877281?publication=28
- ბავშვის უფლებათა კოდექსი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=12
- საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“ - https://matsne.gov.ge/document/view/21604?publication=32
- საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ - https://matsne.gov.ge/document/view/26422?publication=25
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №523 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/5611339?publication=0
- ბარნაჰუსის შესახებ - https://atipfund.moh.gov.ge/geo/static/452/fsiqo-sotsialuri-momsakhurebis-tsentri