კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სტატისტიკური ინფორმაცია ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  

17 მაისი, 2021

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რაც გამოიხატა პროკურორებისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით რეკომენდაციების შემუშავებაში, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადებაში, სტატისტიკური მონაცემების სრულყოფასა და პროკურორთა სპეციალიზაციაში.

პროკურორებისთვის შემუშავდა  რეკომენდაცია ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (დღეს მოქმედი რედაქციით სსკ-ის 531 მუხლის პირველი ნაწილი), როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე“. რეკომენდაციამ ხელი შეუწყო შეუწყნარებლობის მოტივის დასაბუთების პრაქტიკას, რის შედეგადაც, 2016 წლიდან დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის პრაქტიკა გაუმჯობესდა.

2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების სასწავლო კურსი გაიარეს. ამჟამად, სპეციალიზებულია 136 თანამშრომელი, მათ შორის - 36 მენეჯერი, 81 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, 19 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

2020 წელს საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს ხელშეწყობით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აქტიური ჩართულობით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს პროკურატურის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას, მონაცემთა ერთიანი, სრულყოფილი, ზუსტი და გამჭვირვალე სისტემის შექმნას და 2021 წლიდან პროაქტიულ გამოქვეყნებას.

საქართველოს პროკურატურის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბოლო წლებში გაზრდილია სპეციალიზებული პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა.

2016-2020 წლებში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სულ დაიწყო 675 პირის მიმართ. 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 253 პირის მიმართ, ხოლო დაზარალებულად ცნობილ იქნა 272 პირი, ამათგან 268 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი.

რაც შეეხება ლგბტქი თემის წარმომადგენელთა მიმართ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგის ნიშნით) ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებულ რეაგირებას, 2016-2020 წლებში სოგი ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯამში 100 პირის მიმართ, ამათგან 54 პირის მიმართ - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 45 პირის მიმართ - გენდერული იდენტობის ნიშნით, ხოლო 1 პირის მიმართ სექსუალური ორიეტნაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით; 2020 წელს სოგი ნიშნით დაზარალებულად ცნობილ იქნა ჯამში 28 პირი, ამათგან გენდერული იდენტობის ნიშნით - 13 პირი, ხოლო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით - 15 პირი.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლებები დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შედეგად შეილახა, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - [email protected]

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე 6 პირს... ...

16 აპრილი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლე... ...

16 აპრილი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ერთხმად დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარა... ...

15 აპრილი, 2025