კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

22 ოქტომბერი, 2026

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით. 

აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.

სხვა სიახლეები

news image

თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...

21 ოქტომბერი, 2026

news image

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთ... ...

21 ოქტომბერი, 2026