კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი
23 დეკემბერი, 2025
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.
მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენა... ...
26 ივნისი, 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფი... ...
26 ივნისი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზ... ...
26 ივნისი, 2026