კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
11 თებერვალი, 2022
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი სტრატეგიის პროექტი პროკურატურის შემდგომი განვითარების და რეფორმირების გეგმას ითვალისწინებს. პრეზენტაციის მიზანს პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების ინფორმირება და სტრატეგიის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა წარმოადგენდა.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის პროექტში წარმოდგენილია ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევასაც საქართველოს პროკურატურა მომდევნო 6 წლის განმავლობაში გეგმავს. ირაკლი შოთაძის თქმით, ახალი სტრატეგია საქართველოს პროკურატურის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას ეხება, კონკრეტულად კი, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს პროკურატურა დგას. გენერალურმა პროკურორმა ასევე, მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.
როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი სტრატეგია, თვისობრივად პროკურატურის წინა, 2017-2021 წლების სტრატეგიით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების განმტკიცებას და ახალი მიზნების დასახვას ემსახურება. 2017-2021 წლების სტრატეგიის მოქმედების პერიოდში, საქართველოს პროკურატურაში მრავალი მნიშვნელოვანი ნოვაცია დაინერგა, რაც დადებითად შეფასდა, მათ შორის სტრატეგიის ალტერნატიული მონიტორინგის ფარგლებში.
რაც შეეხება პროკურატურის ახალ სტრატეგიას, იგი განსაზღვრავს ისეთ პრიორიტეტულ მიზნებს, როგორიცაა: საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა, საერთაშორისო თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება, ორგანიზაციული განვითარების გაუმჯობესება და საზოგადოების ნდობის ამაღლება.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა, მირიან მეგრელიშვილმა, სტრატეგიის დაგეგმვის ძირითად პრინციპებზე და ცალკეულ ამოცანებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროკურატურის ახალი სტრატეგია ითვალისწინებს დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმართვას, გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას, მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო პოლიტიკის დოკუმენტების თანამედროვე სტანდარტები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და უწყების წინაშე არსებული ახალი გამოწვევები.
პროკურატურის ახალი სტრატეგია ევროკავშირის, ევროსაბჭოს და აშშ-ს მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით შემუშავდა. სტრატეგიის შემუშავებაში პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პროკურატურის ახალი, 2022-2027 წლების სტრატეგია და გამოხატეს მზაობა კვლავ განაგრძონ საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერა სტრატეგიით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებაში.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნ... ...
25 აპრილი, 2025