კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის განცხადება სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

19 დეკემბერი, 2023

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო.

ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების მიზანი იყო იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება.

კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივად არის მოპოვებული. იმ შემთხვევაში,  თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მოხდა  მისი  სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლება, ასეთ  ფაქტებზე, ხსენებული კანონი არ ვრცელდება.

ამნისტიის კანონი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე - თაღლითობის მუხლით ან/და 362-ე - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება და თუ აღნიშნული პირი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. ასევე, ამნისტია თანაბრად ვრცელდება როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელზე, ისე თანამონაწილეზე.

აღსანიშნავია, რომ თუ პირს სურს მასზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონით დადგენილი შეღავათი, მან ზიანი უნდა აანაზღაუროს 2024 წლის 1 სექტემბრამდე. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს დანაშაულებრივად დაუფლებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას.

აღნიშნული დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში, პირზე ამნისტია გავრცელდება, თუ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, რომლებმაც დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს. ამნისტია ასევე არ გავრცელდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.

ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემთხვევაში, პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო თანხის შეტანა უნდა განხორციელდეს ხაზინის ანგარიშზე.

პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს:

შესაბამის პროკურორს - თუ საქმე გამოძიების ეტაპზეა, ან თუ ძებნილი პირის მიმართ სამართალწარმოება დასრულებულია;

შესაბამის სასამართლოს - თუ საქმე განიხილება სასამართლოში;

თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ სასამართლოს - თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია.

ნებისმიერ პირს უფლება აქვს უარი თქვას მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე და ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

კანონის აღსრულების პროცესი 2025 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

ამნისტიის კანონის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურის თბილისის და რეგიონალური ოფისები მზად არიან მოქალაქეების მისაღებად. ასევე, პროკურორები საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და ამნისტიის კანონის თაობაზე მოქალაქეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტებზე სასამართლომ ორ ბრალდებულს 14-14 წლით, ერთს 8 წლით, 5 არასრულწლოვანს კი 10 წლით და 6 თვით, 9 წლით და 4 თვით, 6 წლით და 5 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფურ... ...

15 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციი... ...

15 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალ... ...

15 ივლისი, 2026