კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალდება წარუდგინა
05 აპრილი, 2021
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროჯასტთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან - გ.გ.-სთან და გ.ლ.-სთან ერთად, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, მათ შორის კ.კ., გ.მ., მ.თ., ვ.ნ., ა.მ., ა.გ., ქ.ი. და გ.ბ.. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უკანონოდ მოიპოვებდნენ რა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, ქ.თბილისში ნაქირავები ოფისიდან, სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ზემოხსენებული პირები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.
ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ევროჯასტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა კი შეადგენს 620 000 ევროს.
ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც დაყადაღებულია პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამცემი სასამართლოს განჩინებით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის - ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც.
პროკურატურამ ჯ.ჰ.-ს, გ.ლ.-ს, ა.მ.-სა და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, გ.გ.-ს, ვ.ნ.-ს, კ.კ.-ს, ქ.ი.-ს, გ.ბ.-ს, მ.თ.-სა და ა.გ.-ს კი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“, მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება. საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ კი ევროჯასტის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს სხვა დაზარალებული მოქალაქეებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის იდენტიფიცირება.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ
საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის... ...
14 ივლისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...
13 ივლისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,... ...
13 ივლისი, 2026