კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

25 დეკემბერი, 2023

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ევროჯასთთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქტიური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის მიზნობრიობით.

აღნიშნული სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკური პირების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ასევე, გამოძიების მიერ ყადაღა დაედო  ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. 
დანაშაულებრივი წარმომავლობის ხსენებული  ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. 

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ.

საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით.  

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო წლებში, საქართველის პროკურატურაში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად,  პროკურატურის მიერ 2021-2023 წლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 65 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.

ხსენებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში, ყადაღა დაედო 100 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონებას, რომელთა მიმართაც, პროკურატურის მიერ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის მიზნით.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წა... ...

01 აპრილი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგა... ...

31 მარტი, 2025

news image

პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების... ...

28 მარტი, 2025