კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

13 ივნისი, 2022

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.
გამოძიებით დადგენილია, რომ ავსტრიის მოქალაქემ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, 2020 წლის მარტში, ჩეხურმა კომპანიამ 1 120 000 ევრო, ხოლო 2020 წლის მაისში, გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 180 000 ევრო გადარიცხეს. წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ბრალდებულმა დამკვეთებს არ მიაწოდა შეკვეთილი საქონელი, ხოლო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ.
ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ. 
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რეზიდენტი იურიდიული პირის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...

24 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცვე... ...

24 ოქტომბერი, 2026

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...

23 ოქტომბერი, 2026