კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა
11 სექტემბერი, 2026
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები, რაც საზოგადოებისათვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ამ დრომდეც ისედაც ცნობილი იყო და არასდროს გამხდარა დისკუსიის საგანი.
გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის. მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლ... ...
10 ოქტომბერი, 2026
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძა... ...
10 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევ... ...
09 ოქტომბერი, 2026