კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

22 სექტემბერი, 2020

საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე იყო გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პროკურატურამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის  გამოთხოვა, რომელიც მიხეილ რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს.
აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.
21 სექტემბერს თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მიხეილ რამიშვილთან ზემოხსენებული განჩინების ფარგლებში მიმდინარე გამოთხოვის პროცესში აღმოჩენილი იქნა მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის არსებული კომუნიკაცია და ასევე მობილურ ტელეფონში არსებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი და მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები, რომელთა სიყალბე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.
იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის დამაგრება, ისე რომ არ შეცვლილიყო მისი ციფრული მონაცემები (ე.წ. „ჰეშები“) და მომხდარიყო ორიგინალი ინფორმაციის გადმოტანა დისკზე და საქმეზე დართვა, საჭირო იყო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც არ გააჩნდა თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობას. აღნიშნულის გამო მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა მისი მონაწილეობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.
დღეს დილითვე, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა.
აქვე განვმარტავთ, რომ 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე.
 

სხვა სიახლეები

news image

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობი... ...

17 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ქვემო ქარ... ...

17 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო... ...

17 ივლისი, 2026