უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის N534 ბრძანებულებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი კომისია ამავე მიზნისთვის შექმნილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ შეცვალა.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად შეიქმნა.
საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა. საბჭომ ასევე დაამტკიცა საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისთვის აუცილებელი სტანდარტები, მოთხოვნები და მისი დებულების ნიმუში, აგრეთვე, სამოქმედო ინსტრუქცია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაცავად (ეროვნული რეფერალური მექანიზმი) და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის წესი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს სახალხო დამცველი და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ: საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, აშშ-ს საელჩოს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და არასამთავრობო ორგანიზაციები - ,,თანადგომის", „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა" და „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" წარმომადგენლებს.