სახელმწიფო ფონდი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად 2006 წლის ივნისში შეიქმნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.
სახელმწიფო ფონდის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.
სახელმწიფო ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2006-2007 წლებში დაარსდა სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულები - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებები (თავშესაფარები). თავშესაფრების მიზანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა და დახმარება. საქართველოს მასშტაბით ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს - თბილისსა და ბათუმში.
თავშესაფრებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ყოფნის ხანგრძლივობა არის 3 თვე, თუმცა ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის/დაზარალებულის სურვილითა და ფონდის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
სახელმწიფო ფონდის ბაზაზე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 2 100 229
http://www.atipfund.gov.ge/index.aspx