საბჭოს დებულება

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 080.080.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №534
2006 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად:
1. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში - საკოორდინაციო საბჭო) შემადგენლობა:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დ) საქართველოს მთავარი პროკურორი;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ი) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №720 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2217
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №467 - სსმ III, №114, 14.08.2007წ., მუხ.1265
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.
2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს;
ბ) საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს;
გ) საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს;
დ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;
ე) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;
ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს;
ზ) აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს;
თ) საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს;
ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ თავმჯდომარეს;
კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;
ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორს;
მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ აღმასრულებელ დირექტორს;
ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელს.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №614 - სსმ III, №143, 19.10.2006წ., მუხ.1978
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 მარტის ბრძანებულება №190 - სსმ III, №38, 21.03.2007წ., მუხ.438
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №161, 16.11.2007წ., მუხ.1777
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №683 - სსმ III, №177 14.12.2007წ., მუხ.1952
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.
3. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 აპრილის №267 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულება №614 - სსმ III, №143, 19.10.2006წ., მუხ.1978
2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №720 - სსმ III, №163, 05.12.2006წ., მუხ.2217
3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 მარტის ბრძანებულება №190 - სსმ III, №38, 21.03.2007წ., მუხ.438
4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებულება №467 - სსმ III, №114, 14.08.2007წ., მუხ.1265
5. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №161, 16.11.2007წ., მუხ.1777
6. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №683 - სსმ III, №177 14.12.2007წ., მუხ.1952
7. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დებულება
თავი I
 ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
თავი II
საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
მუხლი 2.
1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.
თავი III
საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები
მუხლი 3.
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;
გ) ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.
თავი IV
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 4.
1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.
4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მდივანი, რომელსაც ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.
8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.
მუხლი 5.
1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელების  უზრუნველსაყოფად ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
3. სამუშაო ჯგუფი, მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, იკრიბება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, როგორც წესი, არანაკლებ თვეში ერთხელ.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1152 -ვებგვერდი, 03.01.2013წ.
მუხლი 6.
საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.