კანონმდებლობა

 სისხლის სამართლის კოდექსი 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კრიმინალიზაცია საქართველოში 2003 წელს განხორციელდა. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი 1431 მუხლით დასჯადად გამოცხადდა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლმა კანონგარეშე გამოაცხადა არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). კოდექსის 1433 მუხლი კი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წელს შევიდა, დასჯადად აცხადებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობას.
საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 
სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი მკაცრი სანქციებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მექანიზმების შემოღების პარალელურად 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სახელმწიფო ორგანოთა, თანამდებობის პირთა და იურიდიულ პირთა უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და მათი საქმიანობის კოორდინაციის წესს, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.