ეროვნული რეფერალური მექანიზმი

სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში დაიხვეწა ეროვნული რეფერალური მექანიზმი, შემუშავდა და 2007 წლის 19 ივლისს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია.
სტრატეგიის მიღება განპირობებული იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-4.2 მუხლით, რომლის თანახმად, "სახელმწიფო ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა ადამიანის უფლებების დაცვას, მათ დახმარებასა და რეაბილიტაციას, ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს".
სტრატეგია აყალიბებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპულ მიმართულებებს და ქმნის შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფის მოქნილ მექანიზმს. სტრატეგიის თანახმად, რეინტეგრაციის განხორციელების პროცესში მონაწილეობს სახელმწიფო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მეშვეობით, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.