მთავარი პროკურატურის განცხადება ჯუმბერ ჯაიანის საქმესთან დაკავშირებით

ქურდობისთვის ბრალდებულ ჯუმბერ ჯაიანს პროკურატურამ ბრალი მოუხსნა.  ბრალის მოხსნის საფუძველი გახდა საქმეზე არასაკმარისი მტკიცებულება. 

გამოძიება ჯაიანს მოქალაქე ელენე კოლესნიკოვას საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ედავებოდა, საიდანაც 1030 დოლარის საყოფაცხოვრებო ნივთები წამოიღო.
კოლესნიკოვას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე 1995 წლის 14 მარტს ქ.ბათუმის შ.ს. სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეზე 25 აპრილს ჯუმბერ ჯაიანს  დაუსწრებლად გამოუტანეს ბრალი  საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილით. 
ბრალის მიხედვით, 1994 წლის 28 დეკემბერს ჯუმბერ ჯაიანმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაახლოებით ღამის 3 საათზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, გატეხა ელენე კოლესნიკოვას კარის საკეტი,  შეაღწია მის საცხოვრებელ ბინაში, ფარულად დაეუფლა 1030 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჯაიანის ბრალის წარდგენას საფუძვლად ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სარჯველაძის ეჭვმიტანილად დაკითხვისას მიცემული ჩვენება დაედო. სარჯველაძე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში. დაკითხვისას მან განმარტა, რომ 1994 წლის 27 დეკემბერს სადარბაზოში შეხვდა ჯუმბერ ჯაიანს და ამ უკანასკნელის ინიციატივით წაყვა რუსლან კოლესნიკოვის სანახავად. ჯუმბერ ჯაიანმა უბიდან ამოიღო რკინის ძალაყინი და დაიწყო კარების გატეხვა, თუმცა ვერ მოახერხა და ჩავიდა ეზოში. ცოტა ხნის შემდეგ, ჯაიანი მეორე ძალაყინით მიბრუნდა კოლესნიკოვის საცხოვრებელი სახლის კართან და დაახლოებით 5-10 წუთში ბინაში შეღწევა მოახერხა. იმ ღამით ჯუმბერ ჯაიანი და მიხეილ სარჯველაძე დაშორდნენ ერთმანეთს. მეორე დილით კი სარჯველაძემ გაიგო, რომ ჯაიანს და მის თანმხლებ პიროვნებას, მეტსახელად "ქელფეთას" კოლესნიკოვის ბინა გაუქურდავთ. 
ჯაიანის ბრალის საფუძველი ასევე გახდა მისივე ნათესავის იოსებ კუნჭულიას მიერ მიცემული ჩვენებაც. იგი ჯერ ეჭვმიტანილის და შემდეგ მოწმის სახით დაიკითხა. კუნჭულიამ განაცხადა, რომ ჯუმბერ ჯაიანი მასთან სახლში უცნობ პიროვნებასთან ერთად მივიდა. მათ თან სხვადასხვა საოჯახო ნივთები ქონდათ. ჯაიანმა კუნჭულიას აუხსნა, რომ მის თანმხლებს აღნისნული ნივთების გაყიდვა სურდა. ნივთების გაყიდვაში დახმარება უცნობმაც ითხოვა. იოსებ კუნჭულიამ დაიტოვა ნივთების ნაწილი. მისივე თქმით, საოჯახო ნივთების წარმომავლობის შესახებ კუნჭულიამ გამომძიებლისგან შეიტყო. 
აღნისნული სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვისას   მტკიცებულებების გამოქვეყნება მოხდა, მათ შორის დაზარალებული ელენე კოლესნიკოვას ჩვენება, რომელიც მხოლოდ ქურდობის ფაქტს მიუთითებდა. რაც შეეხება თავად დაზარალებულს, სასამართლო პროცესზე მისი წარმოდგენა ვერ მოხერხდა ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო.
სასამართლოში დაიკითხა იოსებ კუნჭულია, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან ჯუმბერ ჯაიანი  მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად მივიდა. მათ  თან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანეს, რომელტა გაყიდვა უნდოდა ჯაიანის თანმხლებს. 
ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო ვერ დაიკითხა მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც საქმის სასამართლოში  განხილვისას უკრაინის რესპუბლიკიდან გადმოგზავნა წერილი სადაც იუწყებოდა, რომ ჩვენება თავის დროზე პოლიციელებმა იძულებით მიაცემინეს. 
ამასთანავე დადგინდა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ჯუმბერ ჯაიანის მიმართ ძებნის საქმე არ ერიცხება. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, ჯუმბერ ჯაიანის მიმართ ძებნა შეწყვეტილია 13.03.1998 წ. უკრაინის რესპუბლიკაში მისი დაკავების გამო.
ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საქმეზე არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი გახდებობდა განაჩენის გამოსატანად და 2012 წლის 27 დეკემბერს ჯუმბერ ჯაიანს მოეხსნა წარდგენილი ბრალდება.