ამირან სიხარულიძე გამართლდა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა

2012 წლის 26 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა მსჯავრდებულ ამირან სიხარულიძის საკასაციო საჩივარი და საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა სიხარულიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ბრალდების მოხსნის შესახებ, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
2012 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ამირან სიხარულიძე დამნაშავედ იქნა ცნბილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ პუნქტით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის) და სასჯელის ზომად  შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2012 წლის 12 სექტემბერს სიხარულიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განაჩენი. 
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ამირან სიხარულიძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, რაზეც საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორის მიერ წარდგენილი იყო შესაგებელი.
2012 წლის 21 დეკემბერს პროკურატურის მიერ გაუქმდა  პროკურორის შესაგებელი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.
საკასაციო საჩივრის განხილვისას, სახელმწიფო ბრალდებამ უარი განაცხადა ამირან სიხარულიძის ბრალდებაზე და მოითხოვა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შ.პ.ს “გრინ-ლაითის+“-ის დამფუძნებელ ამირან სიხარულიძეს გამოძიება ედავებოდა შპს-ს სალაროში არსებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დაუფლებას და მისთვის კანონიერი სახის მიცემას. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ ამირან სიხარულიძისთვის შერაცხული ბრალდება არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა  საკასაციო  საჩივარი, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და დააკმაყოფილა მსჯავრდებულ ამირან სიხარულიძის საკასაციო საჩივარი. გააუქმა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ამირან სიხარულიძე უდანაშაულოდ სცნო, გაამართლა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.