პროკურატურამ ბრალი მოხსნა

 ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ უარი თქვა  ნუგზარ ბერიშვილს ბრალდებაზე. ბერიშვილს 2012 წლის 03 აპრილს წაუყენეს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

ბრალდების მიხედვით, 2012 წლის 11 მარტს, ნუგზარ ბერიშვილი, კუთვნილი „ნისანი“-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ქ.თბილისში, მცხეთის ქ.N18  მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა კორპუსიდან გამოსული ნოე სულაბერიძე, რომელიც ჩაჯდა თავის „ფოლცვაგენ ტუარეგის“ მარკის ავტომანქანაში. მასზე განაწყენებული ბერიშვილი  მივიდა ნოე სულაბერიძის მანქანასთან, გამოაღო კარი და სახის არეში  დაარტყა მუშტი, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ნოე სულაბერიძემ ფოტოსურათით ამოიცნო  ბერიშვილი. დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე აჩვენა, რომ  პირი რომელმაც მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა იყო საშუალო სიმაღლის.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ნუგზარ ბერიშვილის სამედიცინო დასკნა სადაც ასახულია, რომ ნუგზარ ბერიშვილი არის არა საშუალო სიმაღლის, არამედ 195 სმ და 120 კგ.
ბრალდება ასევე ემყარებოდა ვიდეოკამერის ჩანაწერს. ფირზე ჩანს ბერიშვილის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში მოძრაობს შემთხვევის ადგილიდან შორიახლოს.
ამდენად, სასმართლო განხილვის ეტაპზე  გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არ არსებობდა ნუგზარ ბერიშვილის ბრალეულობის დადასტურებისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, ბრალდებულ  ნუგზარ ბერიშვილს 2012 წლის 17 დეკემბერს მოეხსნა ბრალდება და შეწყდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.