მთავარი პროკურატურის განცხადება

მთავარმა პროკურატურამ ადვოკატ თამილა ქუთათელაძისთვის სისხლის სამართლის ბრალდებაზე უარი თქვა.
 
ადვოკატი თამილა ქუთათელაძე 2011 წლის 5 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით დააკავა.
ბრალდებულმა თ.ქუთათელაძემ იმთავითვე მიუთითა, რომ მისი დაპატიმრებით დაინტერესებული იყო ხსენებული საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გაგნიძე, რადგან მისი ისან-სამგორის რაიონულ პროკურორად მუშაობისას, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უკიდურესად დაეძაბათ ურთიერთობა. ქუთათელაძე პასუხისგებაშიც კი მისცეს, იმ საბაბით რომ გაგნიძე დაწყევლა. პასუხისგებაში მიცემის სამართლებრივ მიზეზად გამოძიებისთვის ხელშეშლა დასახელდა.
გამოძიების მასალებით, 2009 წელს ადვოკატი ქუთათელაძე თბილისსა და ბათუმში იცავდა შ.ქუცნიაშვილის და ი.ანანიძის ინტერესებს სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე. ერთ შემთხვევაში დამოუკიდებლად, მეორე შემთხვევაში კი მ.ცინცაძესთან და ი.სეხნიაშვილთან ერთად, დაარწმუნა პატიმრების ოჯახის წევრწბი, რომ თანამდებობის პირებისათვის ქრთამის გადაცემის სანაცვლოდ მიაღწევდა საპროცესო შეთანხმებებს პროკურატურასთან და ჯარიმის გადახდის პირობით პატიმრებს გაათავისუფლებინებდა. ბრალდების თანახმად, ამ ხერხით თ.ქუთათელაძე ანანიძის შემთხვევაში დამოუკიდებლად დაეუფლა 35 000 ლარს, ხოლო ქუცნიაშვილის შემთხვევაში თანამონაწილეებთან ერთად 20 000 აშშ დოლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსამართლე ჯორბენაძემ ქუთათელაძის და მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ვადაში წარუდგენლობის საფუძვლით დაუშვებლად ცნო. საქმის არსებითი განხილვის საწყის ეტაპზე კი სხდომის დარბაზიდან გააძევა ქუთათელაძე და მისი დამცველი. ამის შემდგომ ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ, მას იცავდა სახაზინო ადვოკატი, რომელმაც  სასამართლოს წინაშე დააყენა თვითაცილების საკითხი, მაგრამ სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილის 2011 წლის დეკემბრის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულები მ.ცინცაძე და ი.სეხნიაშვილი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ, ხოლო თამილა ქუთათელაძეს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. პირველი ისტანციის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოსი საქმის განხილვისას, შეიცვალა სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი.
საქმის მასალების ხელახალი დეტალური შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარე მივიდა საბოლოო დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება თამილა ქუთათელაძის ბრალეულობის დამადასტურებელი სამხილი.
სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირ „სამხილად“  ბრალდების ორივე ეპიზოდში გამოყენებული იყო მსჯავრდებულ ცინცაძის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით გამყარებული არ ყოფილა. უფრო მეტიც - ქუცნიაშვილის ეპიზოდში ცალსახად გამოკვეთილია, რომ ი.სეხნიაშვილის ხელშეწყობით ბრალდებულის ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის შედეგად სწორედ ცინცაძე (რომლის ჩვენებაა ამ საქმეში მთავარი „სამხილი“) დაეუფლა მოტყუებით მთლიან თანხას. ხოლო ადვოკატ ქუთათელაძესთნ ბრალდებულის ოჯახის წევრებს არანაირი შეთანხმება არ ჰქონიათ. ქუცნიაშვილებმა ქუთათელაძე ცინცაძის რჩევით დაიქირავეს და ცინცაძისთვის თანხის გადაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიცნეს.
რაც შეეხება ი.ანანიძის ეპიზოდს: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ქუთათელაძისთვის ჰონორარის გარდა რაიმე სხვა თანხის გადაცემა არ დასტურდება.
კრიტიკულად შეფასდა ის გარემოება, რომ ცინცაძემ ერთპიროვნულად დაუბრუნა დაზარალებულს თანხა. ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ისიც, რომ ქუცნიაშვილების ოჯახმა ადვოკატ ქუთათელაძის საქმიდან ჩამოცილებიდან წელიწადნახევრის, ხოლო ანანიძეებმა ორი წლის შემდეგ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.