ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საჯარო სკოლის მოსწავლეები პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ

2017-12-08 13:27:28

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ და პოლიციელთა მომზადების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ქ.თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოლიციის აკადემია მოინახულეს და პოლიციელთა სწავლების მიმართულებებს გაეცნენ. მოზარდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პოლიციელთა საცეცხლე და კრიმინალისტიკის კუთხით მომზადების შესახებ და  აკადემიის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.
შეხვედრის დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იმიტირებული გამოძიება ჩატარდა. მოზარდების უშუალო ჩართულობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. მოსწავლეები ასევე ფოტოგადაღების, ხელის კვალის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესებსა და პროცედურებს გაეცნენ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას.