ზესტაფონის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა

2017-11-10 17:00:36

ზესტაფონის რაიონულმა პროკურორმა თანამშრომლებთან ერთად ზესტაფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს  უმასპინძლა. სოციალურად დაუცველი ოჯახების სკოლის მოსწავლეები პროკურატურის მუშაობის პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. პროკურორებმა მოზარდებს იმ გავრცელებულ დანაშაულებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, როგორიცაა: ნარკომანია, ოჯახში ძალადობა, სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ცივი იარაღის ტარება და სხვა. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც პროკურორებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ,  ზესტაფონის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის, პრობაციონერებისთვის და განრიდებული მოზარდებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო. მოზარდები პროკურორებთან ერთად  ზესტაფონის  უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დაესწრნენ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია  მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა, დანაშაულის პრევენცია და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება.