საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მცირეწლოვანი შვილების დედას მკურნალობისთვის საჭირო თანხით დაეხმარნენ

2017-04-13 17:28:22

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლები, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორ შოთა ტყეშელაშვილთან ერთად  სოციალურად დაუცველ შალვა აბულაძის და ლალი ნახუცრიშვილის ხუთშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და ხუთი   მცირეწლოვანი შვილის მძიმედ დაავადებულ დედას მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო თანხა გადასცეს.
მცირეწლოვანი შვილების  დედა  კანის ავთვისებიანი სიმსივნით  არის დაავადებული და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ძვირადღირებული მედიკამენტებია საჭირო, რომლის შეძენაც ოჯახს უსახსრობის გამო არ შეუძლია. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა 39 წლის ქალბატონს ერთი თვის  მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო თანხა  13 600 ლარი შეუგროვეს, რომელიც ოჯახს საკვებ პროდუქტებთან ერთად გადაეცა.
სოციალურად დაუცველ, ხუთშვილიან ოჯახს საქართველოს პროკურატურა სხვა დროსაც არაერთხელ დახმარებია. ასევე აღნიშნული ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვები საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მიწვეულები იყვნენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში პატარებისთვის  გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე.