განრიდებისა და მედიაციის პროგრამა

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ამოქმედდა 2010 წლის 15 ნოემბერს. 

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექანიზმია.

ამ ინსტიტუტის შემოღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერიალიზაციისაკენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ნასამართლევ, პირობით მსჯავრდებულ პირთა და პატიმართა რაოდენობის შემცირება, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს რესურსების დაზოგვა.

განრიდების და მედიაციის პროგრამის შინაარსი

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და გადასცემს მას არასრულწლოვანის საქმეს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალურ პორტრეტს, რის საფუძველზე განისაზღვრება, თუ რომელი პირობის შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. ამის შემდეგ, მედიაციის ფარგლებში, რაც აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტებს მოიცავს, მხარეები შეთანხმდებიან სამოქალაქო ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის არასრულწლოვანის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დაზარალებული. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები  დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე.

არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. თუმცა შესაძლოა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული ეს ერთი შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ასეთ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვანის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამოსილია  დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვანის მიმართ.

აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია არასრულწლოვანს მისცეს ერთი შანსი და ხელი შეუწყოს მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთანავე, პროგრამა ემსახურება დაზარალებულების კმაყოფილების დონის გაზრდასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ  ჩართვას.

პროგრამის გავრცელების არეალი

პროგრამა თავდაპირველად მოიცავდა საქართველოს ოთხ ქალაქს: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. 2011 წლის ნოემბერში დაემატა ორი ქალაქი: გორი და სამტრედია, ხოლო 2012 წლის თებერვალში 9 ახალი ქალაქი: მცხეთა, კასპი, გარდაბანი, წყალტუბო, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, ვანი და ქობულეთი. 2013 წელს დაემატა 10 ქალაქი: ხაშური, ქარელი, მარნეული, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი და მესტია.

2013 წელს პროგრამა გავრცელდება საქართველოს სრული მასშტაბით.

განრიდებული არასრულწლოვნების სტატისტიკა

2010 წელი - 2 არასრულწლოვანი

2011 წელი - 81 არასრულწლოვანი

2012 წელი - 120 არასრულწლოვანი

2013 წლის I კვარტაკლი - 25 არასრულწლოვანი

 

სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა

 

სრულწლოვანთა განრიდება, როგორც სისხლისამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი საქართველოში დაინერგა 2011 წლის 25 ოქტომბრიდან.

სრულწლოვანთა განრიდება - პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოიყენება, თუკი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი მზადაა სრულად ან ნაწილობრივ დაფაროს მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი ან უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო.

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე მთავრდება ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის გარეშე.

თავის მხრივ, პირი მზად უნდა იყოს, შეასრულოს კანონით გათვალისწინებული გარკვეული პირობები: სახელმწიფოს გადასცეს უკანონოდ მოპოვებული ქონება, ან აანაზღაუროს ამ ქონების ღირებულება; ჩააბაროს დანაშაულის იარაღი; სრულად, ან ნაწილობრივ აანაზღაუროს თავისი ქმედებით გამოწვეული ზიანი; უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო.

 

განრიდებული სრულწლოვნების სტატისტიკა

2011 წელი - 130 სრულწლოვანი

2012 წელი- 1247 სრულწლოვანი

2013 წლის I კვარტაკლი - 279 სრულწლოვანი