პროკურორებს და გამომძიებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

2019-07-01 16:47:33
ევროპის საბჭოსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის პლატფორმის გამოყენებით პროკურორებმა და გამომძიებლებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს.   პროგრამის მონაწილეებს  სიტყვით საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მიმართეს, სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.  
დისტანციური სწავლების მოდული, თეორიულ მასალასთან ერთად, დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით და სავარჯიშოებით. პროგრამა მოიცავდა როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მიზნად ისახავს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას ძალადობისგან. სწავლება საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივად გაიარეს, რაც მნიშვნელოვნად  უწყობს ხელს გამოცდილების გაცვლას და კოორდინირებული საქმიანობის ზრდას.
ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ერთობლივად შეაჯამეს განხორციელებული სასწავლო კურსის შედეგები და მომავალი აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.