ნარკოდანაშაულთან მიმართებაში მრავალსექტორული თანამშრომლობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2019-06-28 18:41:58
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით,  მრავალსექტორული თანამშრომლობის, ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვდრის ფარგლებში, ძირითადი აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის ნარკოტიკების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის თემაზე თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ მოსაზრებებს საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ნარკოპოლიტიკის გამოწვევებს დანაშაულის პრევენციის სისტემაში, ნარკოდამოკიდებულთა სამედიცინო საჭიროებებს, ნარკოპრევენციის ამოცანებსა და გეგმებს სკოლებში. მოხსენებების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
 
სამუშაო შეხვედრას 10-მდე უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პროკურატურის,  იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის, შემოსავლების სამსახურისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები. 
 
ღონისძიება ევროკავშირის პროექტთან ,,ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) თანამშრომლობით ჩატარდა. ერთობლივი სამუშაო შეხვედრის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, საერთო პრაქტიკის დანერგვა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.