საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა

2019-06-10 13:14:19

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის წარმატებულ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა. სტაჟიორობის კანდიდატებს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე შეხვდნენ. 

სტაჟიორობის კანდიდატები დეტალურად გაეცნენ მათი მომზადებისა და განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. ისინი პირველ ეტაპზე სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან. სწავლების ფარგლებში კანდიდატები მიიღებენ ცოდნას როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო უნარებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიული თემების შესახებ. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ. 
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე გადანაწილდებიან. აღნიშნული ეტაპიდან კი მათ განვითარებაში წინასწარ შერჩეული და მომზადებული მენტორები ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, პროკურატურის სისტემის გამოცდილი თანამშრომლების მხარდაჭერით, სტაჟიორები შეძლებენ ორგანიზაციული კულტურის გაცნობას, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოწვევების დაძლევას.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მორიგ ეტაპზე, 2019 წლის თებერვალში საქართველოს პროკურატურაში 1214 მსურველის განაცხადი შემოვიდა. ოთხეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად 38 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა. ელექტრონული განაცხადების გადარჩევის შემდეგ, სტაჟიორებმა გაიარეს ტესტირებები სპეციალობასა და ზოგად უნარებში, ბოლო ეტაპი კი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან გასაუბრება იყო.  კანდიდატები  მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე შეირჩნენ.