განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-06-06 11:24:05
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებული ფ.მ. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ფ.მ.-მ  უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,4367 გრ.  ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც ასევე უკანონოდ გაასაღა პ.კ.-ზე. 
სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 13 ივლისს ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში  დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარედგინა  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,-შენახვა-გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.