პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად საქართველოში ევროჯასტის პრეზიდენტი იმყოფება

2019-05-30 12:57:39
30 მაისი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა  პროფესიული დღეა.   
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად  საქართველოს პირველი  ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროჯასტის პრეზიდენტი  ლადისლავ ჰამრანი. 
ევროჯასტის პრეზიდენტმა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან გამართა.
პროკურატურის თანამშრომელთა დღე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღინიშნება.
პროკურატურის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ევროჯასტის პრეზიდენტი  ლადისლავ ჰამრანი და  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. 
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით,  გენერალური  პროკურორის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი  პროკურატურის თანამშრომლებს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში - კანონიერებისა და  მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
საქართველოს  გენერალური   პროკურორი შალვა თადუმაძე სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით   კეთილსინდისიერად, სანიმუშოდ  და  მაღალ პროფესიულ დონეზე  შესრულებისთვის, პროკურორებს  საპატიო  თანამშრომლის  წოდებას მიანიჭებს  და სამკერდე ნიშნებს გადასცემს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების  შემდეგ გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც   ევროჯასტის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ევროჯასტთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობებს განიხილავენ.