კოორდინატორთა საქმიანობის ანგარიში

2019-05-23 12:57:36
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით,  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 
შეხვედრას, რომელიც  საქართველოს გენერალური პროკურორის  მოადგილემ - გიორგი გოგაძემ გახსნა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო კილაძე, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
კონფერენციაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობის შესახებ და  საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. 2018 წლის მაისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს მიენიჭა პროცესის მონაწილის სტატუსი, რამაც კოორდინატორის სამსახური ინსტიტუციურად კიდევ უფრო გააძლიერა. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კოორდინატორი აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით. 
 
სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პროკურატურა მუდმივად ზრუნავს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის განვითარებაზე.