„ენერგო პრო ჯორჯიას“ დარაჯებსა და „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორებზე ყაჩაღურად თავდასხმაში ბრალდებულებს 8 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

2019-05-17 17:41:46

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში ბრალდებულები გ.ჯ. და ო.ხ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ო.ხ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხით დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებაში. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 05:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, ე.წ მეფრინველეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქვესადგურის საყარაულო ნაგებობაში, თავს დაესხნენ დარაჯს - გ.პ.-ს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ავტომანქანის გასაღები მოსთხოვეს. თავდამსხმელებმა  გ.პ.-ს აღუკვეთეს თავისუფლება, შეუკრეს ხელები და ასეთ მდგომარეობაში მიატოვეს.  აღნიშნულის შემდეგ გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მეორე დარაჯს მ. ნ-ს, ორივე დაზარალებული ხელებშეკრულები დატოვეს შემთხვევის ადგილზე და გასტაცეს მათ „MTC“  „სამსუნგი A3“ -ს  და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები, რის შემდეგაც გ.პ.-ს კუთვნილი „ვოლვოს“ მარკის ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 09:20 საათზე,  ზუგდიდში,  სს „ლიბერთი  ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები - გ.ჯ. და ო. ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით თავს დაესხნენ სს „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორებს - ჯ.ა.-ს და ნ.ჭ.-ს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მუქარით მოითხოვეს თანხა. ინკასატორის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ო.ხ.-მ რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში და  ჯ.ა.-ს ესროლა ფეხის არეში,  შემდეგ კი მისაკუთრების მიზნით ჯ.ა-ს და ნ.ჭ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი გასტაცა, ხოლო გ.ჯ. დაეუფლა  სს „ლიბერთი ბანკის“ საინკასაციო ავტომანქანქანაში არსებულ დიდი ოდენობით თანხას-125 000 ლარის და 2500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  
სამართალდამცველებმა გ.ჯ. და ო.ხ. 2019 წლის 6 მარტს ქ.ზუგდიდში დააკავეს. ო.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ჯ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3, მე-4  და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  გ.ჯ. და ო.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად  გ.ჯ-ს  8  წლით,  ხოლო  ო. ხ-ს 11  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.