გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა

2019-05-11 12:33:53
ოჯახური და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე სპეციალიზებული პროკურორებისთვის, გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. კურსი ორიენტირებული იყო როგორც საერთაშორისო სტანდარტებისა და სამართლებრივი თემატიკის გაცნობაზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილების, კაზუსების განხილვასა და სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე.
ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობა, გენდერით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში მოტივის იდენტიფიცირება, ფემიციდის საკითხები, არსებული სტერეოტიპები, ტრანსფობიური ძალადობა და დისკრიმინაცია, ძალადობის მსხვერპლთან მუშაობის ეთიკა და თავისებურებანი. ტრენინგს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სწავლება ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ პრაქტიკულ საქმიანობაში წარმოქმნილ გამოწვევებზე.
ტრენინგი ,,პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ღია საზოგადოების ფონდი - საქართველოს (OSGF) თანადაფინანსებით. პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებებით პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერებაა.