ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა

2019-05-08 16:00:34
საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში,  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას  სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვდრის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიებაზე ოჯახური დანაშაულების საქმეებზე სპეციალიზებული პროკურორები, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ იმ სამსახურების, ფონდებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო დახმარებასა და თავშესაფრებს სთავაზობენ, რაც მათ დაზარალებულთა სრულყოფილად ინფორმირებასა და დახმარების პროცესში გამოადგებათ.
სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია“ ფარგლებში ჩატარდა. 
ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული დახმარების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.