საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს

2019-05-06 12:30:48
ქართველი სამართალდამცავების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, კონტრტერორისტული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის თემაზე ტრენინგი დაიწყო. სწავლება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები  ესწრებიან. ტრენინგი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და აშშ-ს საელჩოს რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტმა გახსნეს. სწავლების მიზანი ტერორისტულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა და აშშ-ს წარმატებული პრაქტიკის გაზიარებაა. 
ტრენინგს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებიდან და გამოძიების ფედერალური ბიუროდან მოწვეული ექსპერტები უძღვებიან. 2-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება: ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის/მოწმის დაკითხვა/გამოკითხვა, სოციალური მედიისა და ციფრული სამყაროს როლი ტერორისტულ დანაშაულთან მიმართებით, კიბერგამოძიების ტექნიკები, ციფრული მტკიცებულების მოპოვება გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ციფრული მტკიცებულებების გამოყენება სასამართლოში. ტრენინგი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით და განიხილება რეალური საქმეები. მონაწილეები იმსჯელებენ არსებულ გამოწვევებზე, რისკებსა და მათზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებზე.
საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ერთობლივი სწავლება ხელს უწყობს ტერორიზმის, როგორც გლობალური საფრთხისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევის წინააღმდეგ კოორდინირებული, ერთიანი და ეფექტიანი ბრძოლის წარმოებას.