საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

2019-04-12 18:41:45
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრის  მონაწილეებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის საქმიანობის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. პროექტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კლუბის (დე იურე) მომართვის საფუძველზე განხორციელდა.
ინტერაქტიულ შეხვედრაში 30-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. მათ გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. მომხსენებლებმა კი მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. ისაუბრეს  პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. 
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.