პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გულგრილობისთვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-04-12 11:54:24
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გულგრილობისთვის, რასაც მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, ბრალდებული კ.ა. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს „ვერტიკალი 777“-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კ.ა.-მ ლიფტის სწორი ექსპლუატაციის, ტექნიკური დათვალიერებისა და უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე 2016 წლის 1 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა „საბურთალო 82“-ის თავმჯდომარესთან. კ.ა. პასუხისმგებელი იყო რა ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები - მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ შეამოწმა და არ შეაკეთა კორპუსის მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც 2017 წლის 24 მარტს მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა. ბავშვმა გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში თავი შეყო, რა დროსაც მოძრავი ლიფტის საპირწონე მოხვდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
კ.ა.-ს ბრალდება 2018 წლის 28 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა (ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.