სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა

2019-03-18 18:55:25

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის სამი ეტაპი დასრულდა. კონკურსზე  განაცხადი 1214-მა პირმა შემოიტანა. ყოველ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მონაწილეებმა თითოეულ საფეხურზე დაწესებული მინიმალური ზღვარი გადალახეს. ტესტირების ორი ეტაპი - პროფესიული და ზოგადი უნარების მიმართულებებით - საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს საგამოცდო ცენტრში ჩატარდა და წარმატებით 79-მა კონკურსანტმა გაიარა. 
კონკურსი სულ 4 ეტაპისგან შედგება. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, შერჩეულ საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ 1 წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში გაიარონ. ხელფასის ოდენობა ყოველთვიურად 480 ლარს შეადგენს. ამ ეტაპს წინ უძღვის სტაჟიორთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოს პროკურატურის წამყვანი სპეციალისტები და მენეჯერები უძღვებიან. 
საქართველოს პროკურატურა ორიენტირებულია კვალიფიციური, მოტივირებული, მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და უნარების მქონე კადრების მოძიებით. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი დასაქმებულია სწორედ სტაჟირების გზით, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე.